[თეონა ხარაბაძე]
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანებების და სესხების რესტრუქტურიზაციის პრინციპი შეიცვალა. ეს ყველა გადასახადს შეეხო. ყველაზე მწვავე გადაწყვეტილება კი საბაჟო დავალიანებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ვინაიდან ამ დავალიანებების რესტრუქტურიზაცია საერთოდ შეუძლებელი გახდა.
აქამდე კანონით განსაზღვრული იყო, რომ „საბაჟო გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1-ელ იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.“
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი ეს ნორმა გაუქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ძალაში 2011 წლის 2 იანვარს შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადებში არსებულ დავალიანებებს რესტრუქტურიზაცია აღარ შეეხება. არადა, აქამდე ეს ვადა არ არსებობდა და ფორსმაჟორის შემთხვევაში მეწარმეებს ამით სარგებლობის საშუალება ჰქონდათ.
სწორედ ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მეწარმეების მდგომარეობა გაუარესდა, რადგან აღარ არსებობს ფორსმაჟორებთან დაკავშირებით განსხვავებული რეჟიმის შესაძლებლობა.
„ფორსმაჟორი, შესაძლოა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას და შეიძლება ეს გათვალისწინებული არ იყოს?“ - კითხულობს ცაგარეიშვილი და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ როდესაც თავად ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით იცვლება მიდგომები, ამის გაკეთება არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში ვალის ჩამოწერის პარალელურად გაჩნდა ცნებები, რომ ამ ვალის სხვისთვის გადაწერაც შეიძლება იქნას დაშვებული.
შეტანილი ცვლილებებიდან კი ყველაზე არსებითი არის ის, რომ მთლიანად ახლებურად განისაზღვრა რესტრუქტურიზაციის პროცესი. აქამდე განსაზღვრული იყო, რომ საგადასახადო დავალიანებების და სესხების რესტრუქტურიზაცია და პატიება იყო შესაძლებელი. ამას კი ასევე დაემატა „უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის“ პრინციპებიც.
სწორედ ამის გამო ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით საგადასახადო დავალიანებების მქონე პირთა მდგომარეობა გაუარესდება.
„ფაქტია, რომ აქამდე არსებობდა მხოლოდ პატიების შესაძლებლობა, ახლა კი შეიძლება ვიღაც მესამე პირი დაავალდებულონ, რომ ეს ვალი გადაიხადოს, რაც ჩემი აზრით საგანგაშო ფაქტია. სხვა საკითხია, თავად ვალი უნდა ჩამოიწეროს თუ არა, მაგრამ როდესაც საუბარია ამ ვალის ჩამოწერის შესაძლებოლობაზე, აქ დამატებითი მაქინაციების საშუალება აღარ უნდა ჩნდებოდეს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
საინტერესო კი ის არის, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამ ცვლილებებს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს უწოდებს. როგორც გია ხუროშვილი აღნიშნავს, თურმე მხოლოდ ვადის გადავადება ხდება და ამ ინიციატივაში სხვა არაფერი არ არის.
არადა ფაქტია, რომ ეს ცვლილებება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არ არის და მთლიანად ცვლის აქამდე არსებულ პრინციპებს. მით უმეტეს, რომ შეიცვალა თავად გადაწყვეტილების მიღების წესი. ვინაიდან, აქამდე ვალის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნისთვის მხოლოდ განცხადების წარდგენა იყო საჭირო და შემდეგ სამთავრობო კომისია ამ განცხადების საფუძველზე თავად სწავლობდა საკითხს და ისე იღებდა გადაწყვეტილებას, ახლა, მეწარმე, რომელიც მთავრობას მიმართავს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით, იძულებული იქნება, რომ წარადგინოს დოკუმენტალურად დასაბუთებული მოთხოვნა.
ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას შემაშფოთებლად მიიჩნევს და მათ მოსაზრებას ექსპერტებიც იზიარებენ. როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, არ შეიძლება, რომ ისეთი პოლიტიკა იყოს, როდესაც გადასახდს არავინ გადაიხდის იმ იმედით, რომ მას საბოლოოდ ეს ვალი ეპატიება. თუმცა, მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს გონივრული შეზღუდვები და რაც მთავარია, იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს თუნდაც ფორსმაჟორული ვითარებიდან გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.