საქართველოში, ზამთრის საკურორტო სეზონი, რომელიც ისედაც დაგვიანებით გაიხსნა, ფაქტობრივად, დასრულებულია და თანაც არასახარბიელო შედეგით. იმედი, რომელიც ზამთრის დასაწყისში საკურორტო ზონებში გაჩნდა, ახლა მთლიანად გაქარწყლებულია.
ჯერ კიდევ დეკემბრიდან მოყოლებული, სასტუმროს მფლობელები არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობდნენ, თუმცა კურორტების ამუშავების იმედი მაინც არსებობდა. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ წლევანდელმა სეზონმა არ გაამართლა, უამინდობაა.
„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებლის ცოტნე ჯაფარიძის თქმით, სეზონის ასე გვიან დაწყება და ასე ადრე დასრულება ანომალიურია. სეზონი ჩავარდა, იმიტომ რომ თოვლი ძალიან გვიან მოვიდა.
„ბაკურიანში სეზონი უკვე დასრულებულია, გუდაურში კი ბოლო დღეებს ითვლის. რთულია შეჯამება იმიტომ, რომ ამინდის გამო ზამთრის სეზონი საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დადგა და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავარდა. გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი თებერვლის დასაწყისში გაიხსნა და ახლა ბაკურიანში თოვლი უკვე აღარ არის, ანუ მთლიანი სეზონი დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდა.
გარდა ამისა თვითონ კურორტებიც ინფრასტრუქტურულად სრულიად გაუმართავი და მოუმზადებელი იყო, ფაქტობრივად, ზამთრამდე წინასწარ არანაირი მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, რომელიც დუბაის და სპარსეთის ყურის ქვეყნებს გულისხმობს, არ ჩატარებულა“ - აღნიშნა „კომესანტთან“ ცოტნე ჯაფარიძემ.
მისი აზრით, ძალიან ბევრი ევროპელი და ამერიკელი ცხოვრობს აღნიშნულ ქვეყნებში და გამომდინარე იქიდან, რომ ფრენას ნაკლები დრო სჭირდება და ხარჯიც ნაკლებია, ევროპასთან შედარებით საქართველო მათთვის სასრიალოდ ძალიან კარგი ალტერნატივაა, თუმცა როგორც ჯაფარიძე განმარტავს, არც შარშან და არც წელს ამ მიმართულებით არანაირი მარკეტინგული კამპანია არ ყოფილა.
რთულ და ვერშემდგარ სეზონზე საუბრობს, გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი გიორგი ლაზაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, უთოვლობის მიუხედავად, სტუმრების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა შეცდა და სეზონმა მისთვისაც რთულად ჩაიარა.
„პანდემიის შემდეგ, სექტორმა ფეხზე წამოდგომა ვერა და ვერ შეძლო, მუდმივად სტუმრების დანკლისს განვიცდიდით. ახლა თითქოს მდგომარეობა დასტაბილურდა, მისვლა-მოსვლა გამარტივდა, აღარ არსებობს ვირუსის საფრთხე, მაგრამ ბუნებრივი პრობლემა დაგვემატა.
ცხადია, ზამთრის კურორტებზე მნიშვნელოვანია, რომ თოვლი იყოს, თუმცა თბილი ამინდის მიუხედვად, მაინც მქონდა მოლოდინი, რომ დამსვენებლები ჩამოვიდოდნენ, რადგან ჯავშნები თავიდან მქონდა, მაგრამ ბოლოს უკვე ყველა აუქმებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „თეთრ კურორტებს“ ძალიან რთული და არშემდგარი სეზონი აქვს წელს“, - აღნიშნა ლაზაშვილმა.
წინა წლებში ზამთრის ტურისტული სეზონი ამ დროისათვის ჯერ დასრულებული არ იყო, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონზე, კერძო სექტორის წარმომადგენლები დიდ იმედს ამყარებდნენ და მათ ამ იმედის ნახევარიც კი არ გაუმართლდათ.