რიგით ქართველებს (განსაკუთრებით თბილისელებს) გადასახადები ახრჩობს. რაც დრო გადის, მათ კისერზე საგადასახადო მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება.
ხუთსულიან ოჯახს კომუნალური გადასახადებისთვის (გაზი, შუქი, წყალი, დასუფთავება, ტელეფონი) თვეში, საშუალოდ, 160-170 ლარის გადახდა უწევს, არადა, ერთი წლის წინ ეს თანხა სულ რაღაც 130 ლარის ფარგლებში მერყეობდა. გამოდის, რომ მარტო კომუნალური გადასახადების მხრივ თბილისელებს წლის განმავლობაში ხარჯი მინიმუმ, 250-300 ლარით გაეზარდათ.
2010 წლის ბოლოს დასუფთავების მოსაკრებელი თითქმის 110%-ით გაძვირდა და ნაცვლად 1,20 ლარისა, 2,50 ლარი გახდა. თუ აქამდე ხუთსულიანი ოჯახი თვეში ნაგვის გატანაზე 6 ლარს იხდიდა, ამერიდან 12,50 ლარი უნდა გადაიხადოს. თუ ამ გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ ელექტროენერგიას გაუთიშავენ.
მართალია, ჯერჯერობით, ეს წესი არ მოქმედებს, მაგრამ როგორც თბილისელებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიიდან „აიმედებენ“, ერთიანი კომუნალური გადასახადი, სავარაუდოდ, თებერვლიდან ამოქმედდება. აქამდე კი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შევიდა ძალაში, რომ მერია, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთიანი თანამშრომლობის პრინციპებზე ვერ შეთანხმდნენ.
ელექტროენერგიას გაგითიშავენ მაშინაც თუ წყლის გადასახადი არ გადაიხადე, რომელიც ასევე მიმდინარე წლის ბოლოს გაიზარდა, ოღონდ ეს სადამსჯელო აქციაც მომავალი თვიდან დაიწყება. დღეს ხუთსულიან ოჯახს თვეში სასმელი წყლის მოხმარებისთვის 15,75 ლარის გადახდა უწევს. ოჯახი ამ თანხას იმ შემთხვევაში იხდის, თუ წლების წინ დაგროვილი დავალიანება არ აქვს და მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას ისტუმრებს.
თუ ოჯახს წყლის დავალიანება აქვს, მისი რესტრუქტურიზაცია უნდა მოახდინოს, რის შედეგადაც ეს 15,75 ლარი, შესაძლოა, 30 ლარამდეც კი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს რამდენი აქვს დავალიანება და რამდენ თვეზე ახდენს ამ ვალის რესტრუქტურიზაციას.
ზამთრის სეზონზე ოჯახი ერთ თვეში, დაახლოებით, 70-100 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარს. თუკი გამათბობელი მთელი დღის განმავლობაშია ჩართული, შესაძლოა, გაზის გადასახადმა 100 ლარსაც კი გადააჭარბოს.
ხუთსულიან ოჯახს 30-35 ლარის გადახდა უწევს ელექტროენერგიაზეც. ფიქსირებულ ტელეფონიზე გადასახადი, საშუალოდ, 10 ლარით შემოიფარგლება, ხოლო თუკი მავანმა თბილისელმა სამყაროსთან მჭიდრო ინტერნეტკავშირი მოინდომა, ეს სულ მინიმუმ 15 ლარი დაუჯდება.
აქედან გამომდინარე, ხუთსულიანმა ოჯახმა, ერთ თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების სახით მინიმუმ 170 ლარი უნდა გაიღოს, ხოლო მაქსიმალური ზღვარი შეუზღუდავია. მაშინ, როდესაც საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 600 ლარია, გამოდის, რომ შემოსავლის მქონე ადამიანმა კომუნალურ ხარჯისთვის 25%-ზე მეტი უნდა გაიღოს.
ამ ყველაფერს ემატება მგზავრობის გაძვირება და მზარდი ინფლაცია. მეტად მომჭირნედ გადაადგილებისათვის (სამსახური-სახლი) ერთმა ადამიანმა თვეში 30 ლარი მაინც უნდა დახარჯოს, ხოლო ინფლაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯი ჯერაც დაუთვლელია და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ასეთი გაანგარიშებისათვის თავს არც იტკივებს.
ასეთი მარტივი არითმეტიკიდან გამომდინარეობს ის, რომ ერთ რიგით ქართველს საკუთარი შემოსავალი გადასახადებისა და კვებისთვისაც კი არ კმარა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ და ცხოვრებაც მიგვანიშნებს, მათი დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.