მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და ეს სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო 3-4 კვირაში წამლების ხელოვნურად გაძვირებას სწავლობს და მკაცრ რეაგირებაზეც მიანიშნებს. საქმეში ჩართულია კონკურენციის სააგენტოც.
„რეფრომის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
რეფორმის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და სახელმწიფო წამლის ფასის ხელოვნური გაძვირებას არ დაუშვებს.
„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის პირველსავე კვირაში, 15 თებერვლიდან, ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა, ან მის დაწესებამდე, უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ეს დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად, ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ქონდა კონკურენციის სააგენტოსაც, რომელსაც რამდენიმე კვირაში, პირველი მონახაზი ექნება იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად.
„კომპანიებს, ფასების მატებაზე, სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ - ზოგიერთი ამბობს, რომ შემთხვევით მოხდა, ზოგიერთის თქმით, ტექნიკურად სისტემამ თვითონ გააძვირა მედიკამენტები და როგორც კი აღმოაჩინეს, მაშინვე დაწიეს ფასები. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა იგივე გაიზიარონ კომპანიებმაც და უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული სექტორის, ხარისხისა და საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, უკეთ რეგულაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უწყებას უკვე მზად აქვს და დოკუმენტს საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში წარუდგენს.
საქმე ისაა, რომ გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი ალბათობით, შეთანხმებული მოქმედების შედეგად, კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული, მნიშვნელოვნად გააძვირეს. საკითხში კონკურენციის ეროვნული სააგენტო ჩაერთო.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიების აქტიური კომუნიკაციით, საკითხის წინასწარი შეფასება მიმდინარეობს.
„კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას და თუ მოკვლევას დავიწყებთ, საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, საფუძველი არის ერთდროულად ფასის ზრდა. გვაინტერესებს, ამის საფუძველი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ არა. ამასთან, იმ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც აღნიშნული მედიკამენტები გაძვირდება, ბაზარზე იქნებიან დომინანტი კომპანიები, ამ შემთხვევაში, შეიძლება განხილული იყოს ჭარბი ფასის დაწესება. ეს ყველაფერი წინასწარი ვარაუდებია და დავიწყებთ თუ არა მოკვლევას, გეტყვით“ , - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ფარმაცევტული კომპანიები თურქეთში მედიკამენტებზე გაზრდილ ფასს და ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებდნენ. ამასთან, კერძო სექტორში ამბობენ, რომ იმ მედიკამენტებზე, რაზეც რეფერენტული ფასები არ მოქმედებს, კომპანიას აქვს სრული თავისუფლება ფასნამატი თავად დაადგინოს, რადგან ის დღეს რეგულირებას არ ექვემდებარება.