ბათუმში გასამართ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩს ერლინგ ჰოლანდი გამოტოვებს. ინფორმაცია ოფიციალურია და მიზეზად ნორვეგიელი შემტევის საზარდულის ტრავმა დასახელდა.
მან ეროვნული გუნდის შეკრება უკვე დატოვა და მანჩესტერში დაბრუნდება. 22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის გარდა, ესპანეთთან მატჩსაც დააკლდება.
"ბარნლისთან" მატჩის შემდეგ ჰოლანდმა საზარდულის არეში ტკივილი იგრძნო. იმედი გვქონდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო, რომელსაც სანაკრებო თამაშამდე გადაიტანდა, მაგრამ გუშინდელი ტესტებისა და გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ ის ესპანეთთან და საქართველოსთან ვერ ითამაშებს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის გუნდი ნორვეგიის წინააღმდეგ 28 მარტს ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მისი მასპინძელი სტადიონი ბათუმის აჭარაბეთ არენა იქნება.
რაც შეეხება ჰოლანდს, მას მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" მაისურით, ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში 44 გოლი დაუგროვდა, კონკრეტულად "ბარნლისთან" მატჩში კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და 63-ე წუთზე შეცვალეს. ნაკრებში კი მის ანგარიშზე 6 მატჩი და ამდენივე გოლია.