თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს

თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გაიმეორებს მოწოდებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს იმით, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან.

კირბის თქმით, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის უნდა დაელაპარაკოს ომის უკრაინაზე გავლენის შესახებ.

„პრეზიდენტ სი ძინპინს მოვუწოდებთ, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ.

„სიმართლეა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთი და იგივე მიზნებს იზიარებენ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა სი ძინპინმა.