სტრასბურგის სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დაიწყო. ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი წარმოადგენს. საქმის განხილვა ცოცხალი პაექრობის და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება.
საქმეში "ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" მოთხოვნილია ევროკონვენციის ოთხი მუხლის - სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტების დარღვევად ცნობა.
ასევე, ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება. მოსარჩელე საქართველოს ხელისუფლებისგან მორალური ზიანის სახით 300 000 ევროსაც მოითხოვს.
ადვოკატი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ განაჩენი სამართლიანი და ობიექტური იქნება. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის განხილვა შესაძლოა ერთ სხდომაშიც დამთავრდეს.
როგორც ადვოკატი ამბობს, "გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმის განხილვა ცოცხალი პაექრობის და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება. შავგულიძის განცხადებით, მომჩივრის მიმართ დარღვეულია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება, მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა, ასევე მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე-13 მუხლი ეს არის უფლება დაცვის ეფექტურ ზომაზე.
სწორედ, ამ უფლებების დარღვევის ცნობის აღიარებას მოითხოვს, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი ევროპის სასამართლოსთგან. ადვოკატს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს მათ საჩივარს.
"ამ იმედს მაძლევს ორი გარემოება. დარწმუნებული, რომ არ ვიყო, რომ ადგილობრივ სასამართლოში ეს მუხლები დარღვეულია, საჩივარს არ დავწერდით ამ ნორმების დარღვევის თაობაზე და მეორე, რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ევროპის სასამართლო ობიექტური და კომპეტენტური სასამართლოა, რა თქმა უნდა, სტრასბურგს არ მივმართავდით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ობიექტიური," - ამბობს შალვა შავგულიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო და ორჯერვე საქართველოს მოთხოვნით. საქმის განხილვა თავდაპირველად 4 ნოემბრის იყო დანიშნული, მაგრამ მაშინ საქართველოს მთავრობის, უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს თხოვნით იყო გადადებული.
"როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში იყო აღნიშნული, იუსტიციის სამინისტროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლად უნდა გამოცხადებულიყვნენ, დაკავებული იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შედგენით და ამის გამო ითხოვა გადადება, რაც ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფლია და 2 თებერვლისთვის გადადო საქმის განხილვა. მაგრამ საქმის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მოსამართლე ნონა წოწონავამ განაცხადა აცილება და უკვე მეორედ გადაიდო პროცესი," - ამბობს ადვოკატი.
რა მოტივით თქვა აცილება საქმის განხილვამდე ორი თვით უარი ნონა წოწონავამ, რომელიც ევროპის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგეს, ეს ფაქტი უცნობია ადვოკატისთვის.
"სამწუხაროდ, ჩემთვის არაა ცნობილი, თუ რა მოტივით განაცხადა ნონა წოწონავამ აცილება. ეს მოტივაცია ჩემთვის არ უცნობებია ევროპულ სასამართლოს. ჩვენ გვეცნობა მხოლოდ ფაქტი, რომ მოხდა თვითაცილების განცხადება. ეს ფაქტი ჩვენთვის არასასურველი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამან გამოიწვია საქმის გაჭიანურება. თუ აცილების მოტივი არსებობდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას ადრე განეცხადებინა თვითაცილება. თუმცა, როგორც ცნობილია, ნონა წოწონავას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი ჩაენაცვლება," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შალვა შავგულიძემ.