საქართველო კადრების სიმწირეს ყველა მიმართულებით განიცდის და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი სამშენებლო დარგია. ახალი თანამშრომლების მოძიება რომ ვერ ხერხდება, ეს ცნობილი ამბავია, ამჯერად კი არსებულის შენარჩუნების პრობლემის წინაშეც დგას სექტორი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თურქეთის დანგრეული ქალაქების აღდგენისა და მასობრივი მშენებლობების გაჩაღების შემდეგ საქართველოდან მუშახელის გადინების ახალი ტალღა დაიწყება.
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ადასტურებს, რომ მუშახელის ქვეყნიდან წასვლა მიმდინარე ეტაპზე აქტუალურია და კადრების გადინება თურქეთის ფაქტორის გამოც მოხდება.
„გვიჭირს როგორც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, ისე მუშების მოძებნაც. ძალიან ბევრია წასული ევროპაში სამუშაოდ, ახლა კი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამოც ველოდებით, რომ გადინება დაიწყება. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა ჩვენი საქმიანობის პროცესში. სულ ძიებაში ვართ, ერთი პერიოდი „ტექნიკურ უნივერსიტეტშიც“ ვიყავი სამშენებლო ფაკულტეტზე, მინდოდა, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები წამეყვანა ჩემთან, სტაჟირება გამეტარებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ვერ ვნახეთ ის კადრი, ვისაც ვეძებდით“, - განაცხადა ბესო თავბერიძემ „საქმიან დილაში“.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაიაც ამბობს, რომ დაზარალებული ქვეყანა მალე დაიწყებს მშენებლობის პროცესს, რაც საქართველოდან კადრების გადინებას გამოიწვევს.
„თურქეთი არ არის მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა. აუცილებლად დაიწყება მშენებლობა და შესაბამისად, გაძვირდება მასალები. ვფიქრობ, კადრების გადინება კიდევ უფრო მეტად მოხდება. თურქეთი აქვეა და მარტივად გადადიან ჩვენი მოქალაქეები. იქ სამუშაო უზარმაზარი იქნება. თანაც ეს ქვეყანა უზარმაზარ მშენებლობას რომ დაიწყებს, ჩვენთან მასალებიც გაძვირდება და მუშახელის დეფიციტი კიდევ უფრო მწვავე იქნება“, -განაცხადა პაატა კოკაიამ.
მასშტაბური სამუშაო პროცესი მეზობელ ქვეყანაში ნამდვილად დაიწყება. აქედან გამომდინარე, მართლაც არ არის გამორიცხული, რომ თურქეთს კადრების ძებნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწიოს. ქართველებმა კი მეზობელ ქვეყანას მიაშურონ სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სწორედ ამაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტოს „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი. მას თურქეთში კადრების გადინება სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად მიაჩნია.
„იმ სამუშაოების მოცულობას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც თურქეთში უნდა დაიწყოს, ბუნებრივია, რომ დიდი მოთხოვნა გაჩნდება მუშახელზე. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ შეიძლება საქართველოდანაც ბევრი ადამიანი წავიდეს, მით უფრო, თუ გავითვალისიწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა და დაბალი ხელფასებია. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ასეთი მოცემულობა შეიქმნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლაჩაშვილმა.