მსხვილი შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ ფინანსური მდგომარეობა არნახული ტემპით უარესდება. გუშინ ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა და ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია. ბანკი ახლა უკვე არათუ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, არამედ შეიძლება საერთოდ გაკოტრდეს და შვეიცარიის ეკონომიკასაც უდიდესი დარტყმა მიაყენოს.
„კრედიტ სუისის“ პრობლემები სათავეს საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს, წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს ფულის გათეთრების შემთხვევები, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევები თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.
გარდა ფინანსური ზარალისა, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდება. სწორედ 2008 წლის კრიზისის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში 2022 წლის ოქტომბერში „კრედის სუისს“ 495 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.
2022 წელი „კრედიტ სუისისთვის“ განსაკუთრებით გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, სულ რაღაც ერთ წელში ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 57%-ით შემცირდა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ინვესტორები კომპანიის მიმართ ნდობას კარგავენ.
შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამოისობით ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა. გავრცელებული ცნობით, საბანკო სისტემაში პრობლემები ამერიკული ბანკის, „სილიკონ ველი ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირდება.
როგორც მედია წერს, ამერიკული ბანკის გაკოტრების შემდეგ „კრედიტ სუისის“ აქციებზე ვაჭრობა დროებით შეწყდა. ევროპული ბანკების აქციების ფასი ლონდონში 6.66 პროცენტით დაეცა. პარიზის საფონდო ბირჟამ ასევე დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ფრანგული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ აქციები დაეცა 10.6 პროცენტით, ხოლო „ბიენპი პარიბასის“ - 10.3 პროცენტით.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკის, „კრედიტ სუისის“, რომელსაც მთელი რიგი სკანდალები უკავშირდება, მთავარმა აქციონერმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა დამატებით ფინანსურ დახმარებას. როგორც მედია წერს, ბანკის აქციებს პრობლემები შეექმნა „სილიკონ ველი ბანკის“ დაშლის შემდეგ. „ევრონიუსის“ ცნობით, ისტორიულმა წარუმატებლობამ მასობრივი პანიკა გამოიწვია, მიუხედავად აშშ-ის ხელისუფლების უპრეცედენტო ჩარევისა, რომ შეეკავებინა გავრცელება და დაერწმუნებინა ბაზრები.
„კრედის სუისს“ მრავალწლიანი კვეთა აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ინავიშვილთან. ბიზნესმენის უდიდესი კაპიტალი ერთ დღეს ბანკიდან „გაქრა“. ახლა „კრედიტ სუისს“ ბიძინა ივანიშვილის 1.27 მილიარდი დოლარი მართებს, რომელსაც არ ისტუმრებს. არადა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერაა გამოტანილი, თუმცა ბანკი სხვადასხვა ბარიერებს ქმნის და მიზეზებს არ ილევს.
როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, ბანკი ბოლო წლებში პრობლემებს განიცდის და აშკარად გამოჩნდა, რომ მისი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მუშაობა ყოფილიყო ეფექტიანი.
„ეს ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებული არ არის, არამედ მასობრივად, სხვადასხვა კლიენტებთან დამოკიდებულების გამო. ბანკი ისეთ ეკონომიკურ შედეგებს, როგორიც მის დიდ ავტორიტეტს შეესაბამება, რომ ვერ იღებს, ეს აშკარად ჩანს. სამწუხაროდ, ეს ბანკი ბოლო დროს არაკეთილსინდისიერად მუშაობს და შედეგებიც სახეზეა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კვეთას, ბანკი ვალდებულებას არ ასრულებს. ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებასაც გაურბის. რადგან ბანკს კრიზისული პერიოდი უდგას, შესაძლებელია, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი ფინანსური მხარეც იყოს, მაგრამ ბანკი პასუხისმგებლობის გადაბრალებას ცდილობს იმ პირზე, ვინც ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს. პასუხმისმგებლობის აცილება გაკოტრების დროსაც კი არ ხდება და ამ შემთხვევაში ბანკი გაკოტრებადე ამბობს უარს ვალდებულებების გასტუმრებაზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ პოლიტიკური ფაქტორი უფროა“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.
„კრედიტ სუისს“ უდიდესი გავლენა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა. ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე „კრედიტ სუისის“ აქციების ღირებულება 85%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული 87 მილიარდისა.