ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორი მერვედფინალურ შეხვედრაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა - „ნაპოლი“ და „რეალი“ მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდნენ.
„ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ სამი კვირის წინ სტუმრად 2:0 დაამარცხა და იმთავითვე გადაჭრა ყველაფერი, შინ კი მეტოქე კიდევ უფრო დაჯაბნა - 3:0 და ორი მატჩის ჯამში 5:0. იტალიური გუნდი ძალიან აღემატებოდა ევროპა ლიგის შარშანდელ ჩემპიონს, მთელი 180 წუთის განმავლობაში კლასში სხვაობა დიდი იყო და რომ არა კევინ ტრაპი, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა.
დიახ, რომ არა, კევინ ტრაპი, ხვიჩა კვარაცხელიაც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდებოდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლს გაიტანდა, მაგრამ ხვიჩას ამის შანსი მეოთხედფინალში კიდევ ექნება. „სტადიო მარადონაზე“ კი ტრაპმა კვარას პირველ ტაიმში აუღო ორი რთული დარტყმა, ერთიც მეორე ტაიმში. სამივე შემთხვევაში კვარა ლამაზ გოლთან იყოს ძალიან ახლოს, მაგრამ გერმანელმა მეკარემ არ დაანება. ლუჩანო სპალეტიმ ქართველი 74-ე წუთზე მაშინ შეცვალა, როცა ანგარიში უკვე 3:0 იყო და შეაქო: მას ჩაეხუტა და უთხრა: „ბრავო, კვარა, ბრავო!“.
კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი ჰქონია, მაგრამ კარგად ითამაშა, როგორც ვთქვით, რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, ხოლო მეორე საგოლე შეტევა სწორედ მან დაიწყო ძალიან ეფექტური პასით, მერე მატეო პოლიტანომ და ჯოვანი დი ლორენცომ გააგრძელეს, ვიქტორ ოსიმენმა კი ცარიელ კარში გაიტანა. ნიგერიელმა ეს 53-ე წუთზე გააკეთა, ხოლო მანამდე, პირველი ტაიმის ბოლოსაც შეაგდო და დუბლი მიითვალა. მერე პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა. კვარა იმ დროს მოედანზე იყო, მაგრამ ბურთთან პოლონელი მივიდა და გოლი პირველი ხვიჩამ მიულოცა. სხვათა შორის, შეტევა, რომელიც პენალტის მოპოვებით დასრულდა, ასევე კვარას მაგარი პასით დაიწყო.
ამრიგად, „ნაპოლიმ“ თავისი ისტორია დაწერა, რადგან ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. გარდა ამისა, ნეაპოლელებმა ფრანკფურტელებსა და მათი გულშემატკივრებზე ვანდალიზმზე, რაც მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოაწყვეს, შური იძიეს...
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 19 მარტს, სტუმრად "ტორინოსთან" ჩაატარებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება და კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩები ელოდება.
პარალელურად, მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულთან“ „ენფილდ როუდზე“ მოპოვებული უპირატესობა (5:2) ცხადია არ გაანიავა და შინაც აჯობა, ოღონდ მოკრძალებულად - 1:0. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა და კარლო ანჩელოტის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 6:2 მოიგო.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სამი იტალიური გუნდი ითამაშებს, „ნაპოლი“, „მილანი“ და „ინტერი“, ორი ინგლისური „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“, თითო წარმომადგენელი კი გერმანიას, პორტუგალიას და ესპანეთს ეყოლებათ - „ბაიერნი“, „ბენფიკა“ და „რეალი“. ისიც აღვნიშნოთ, რომ 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდი პირველად გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.