რა მოტივით ჩამოვიდნენ საქართველოში უკრაინაში მებრძოლი ქართველები

რა მოტივით ჩამოვიდნენ საქართველოში უკრაინაში მებრძოლი ქართველები

უკრაინული მხრიდან პროვოკაციები არ წყდება. ამჯერად, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდება ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მიმართავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ თუ საქართველოში „ქართული მაიდანი“ იქნება, სამხედრო ძალების შემოყვანას მოითხოვენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინიდან პროვოკაციები სულ უფრო მასშაბურ სახეს იძენს. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, ყველას ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც, მისივე თქმით, სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა.

ცხადია, რომ უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებულია ქვეყნაში პროცესების რადიკალიზაციით და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რამდენიმე დღის წინ რუსთავლეზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად უკრაინაში მებრძოლი „ქართველი ლეგიონის“ წევრების ბრძოლის ველიდან მოხსნა და საქართველოში გადმოსროლა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. მეტიც, „ქართული ლეგიონის“ წევრები რუსთაველზე გამოჩნდნენ და ღიად დააფიქსირეს, რომ ისინი საქართველოს გასანთავისუფლებლად არიან ჩამოსულები. ერთ-ერთია ნადიმ ხმალაძე უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც ამერიკაში თემურ ალასანიას შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოში იმისთვის დაბრუნდა, რომ არ დაუშვას რუსული კანონის მიღება.

„ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა, რომ აქ უნდა ვყოფილიყავით. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, რათა რუსეთის კლანჭებს თავი დავაღწიოთ. თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან ვფიქრობ, რომ უკრაინამ გადალახა ის, რაც უნდა გადაელახა. უკრაინის საქმე იქნება ძალიან მაგრად, ჩვენ კი ყველაზე დიდი პრობლემა გვექნება. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, სუფთა ხელებით და რუსეთის კლანჭებს უნდა დავაღწიოთ თავი“, - ასე ახსნა ნადიმ ხმალაძემ მისი საქართველოში დაბრუნების მოტივი.

ტრიბუნაზე ასულმა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ბესო ბენდელიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ტრიბუნიდან ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.

„ჩვენ, ქართველი მეომრები, თქვენი წიაღიდან წამოსულნი, ვფიქრობთ, მაგრამ სიტყვა თქვენზეა, სტუდენტებზე, თითოეულ თქვენთაგანზე, ღირს თუ არა ამ საკითხის დაყენება ამ სცენიდან, ამ საღამოს - თუ არის ნება ქართველი ხალხის, ერთხმად მოვითხოვოთ ამ ხელისუფლების, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ბესო ბენდელიანმა.

მთავრობის გადგომას ითხოვდნენ რუსთაველზე მყოფი „ქართველი ლეგიონის“ წევრები და მათ შორის იყვნენ გიორგი გიგაური და ლაშა რუხაია, რომლებიც არ მალავდნენ საქართველოში დაბრუნების მიზანს - ხელისუფლების გადაყენება. ყოფილი სამხედრო ლაშა რუხაიამ, რომელიც 4 თვეა უკრაინაში ომობს, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად ოჯახის წევრების მონატრება დაასახელა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ებრძვის რუსს - უკრაინაში თუ საქართველოში.

„ცოტა ხნით გამოგვიშვეს და ისევ ვბრუნდებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ვებრძვი რუსეთს, საქართველოში, თუ უკრაინაში. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ვინც ვიყავით, უკრაინაში გამოცდილება მიიღო“, - აღნიშნა ლაშა რუხაიამ.

შსს სამინისტროს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით და მათ შორის უკრაინაში მებრძოლი „ლეგიონის“ წევრების ქვეყანაში დაბრუნების მოტივზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ მხარდამჭერები არიან, არამედ ისინი წარმოადგენდნენ ყოფილ ხელისუფლებაში ძალოვან სტრუქტურებს.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ჩამოვიდნენ, რომლებიც ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან რევოლუციური პროცესი და ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და მიყვეს იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით.

„მაგრამ მეორე და საკმაოდ საყურადღებო თემაა, ვფიქრობ, შემაშფოთებელიც, ვინაიდან არის ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდებისა მზადდება სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პროცესების განვითარებას როგორმე ხელი შეუშალონ. ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ახლა, ამ მომენტში ხაბეიშვილი, და არა მარტო ხაბეიშვილი, უდგას სათავეში. მათი მიზანია დესტაბილიზაცია და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც მოწყვეტილია იმ ინტერესებს, რაც საქართველოს გააჩნია. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მომხრეები ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში და ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საფრთხე რომ რეალურია და მათ შორის უკრაინიდან, ეს ცხადია, რაც დასტურდება ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელებული ვიდეომიმართვის შინაარსით. საქართველოში რომ უკარაინაში მებრძოლი ქართველების სასწრაფო წესით როტაცია მოხდა, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, აქვს ინფორმაცია უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულ მეომრებზე, რომლებიც პირადად თუ არა, მათი მეგობრების სახით გვპირდებოდნენ აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას და მმართველი გუნდის დენის ბოძებზე სათითაოდ ჩამოკიდებას.

„მაქვს ინფორმაცია, კიევის მაიდანის მონაწილეების შესახებ რუსთაველის გამზირზე. მაქვს ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია აკერმანის სახელმძღვანელოდან მომიტინგეთა „საჭირო“ ეკიპირების თაობაზე. მაქვს თვალი და ყური, რომელიც ხედავს „მოლოტოვის“ კოქტეილებს, აყირავებულ ცეცხლმოკიდებულ მანქანებს, პარლამენტის შტურმის მცდელობას და ხედავს ამ აქციის ეპიცენტრში პატარა გოგო-ბიჭებს - ჩემს უახლოეს ნათესავებს და ჩემს ჭკუაზე მყოფი მეგობრების შეცდომაში შეყვანილ შვილებს. და არანაირი კანონპროექტი უკვე აღარ მიღირს რომელიმე ახალ დატრიალებულ ტრაგედიად, რამეთუ - „ორი-ტრუპი-მინდას“ მოლოდინი დასტრიალებდა იქაურობას“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ადამიანების ოპერატიულ აგენტურული კონტროლი არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად იმ პირების, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოღვაწეობენ საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ისინი არიან გადაბირებული, ან მოსყიდული. აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ასეთი ტიპის ადამიანები ჩაითვალონ საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის და როგორც პოლიციური, ასევე კონტრსადაზვერვო უწყებების მხრიდან აქტიური კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ პირების ქმედებებთან დაკავშირებით, რომ გამოირიცხოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა.

„როდესაც არსებობს კონკრეტული დაინტერესებული სახელმწიფო და არსებობს სამიზნე სახელმწიფო, სადაც მზვერავ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ მოხდეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა, როდესაც ნიშანთა ერთობლიობაზე საუბრობენ, რამდენად მოსალოდნელია სხვადასხვა აქტიური ღონისძიებები, რომლის შედეგადაც კონსტიტუციური წყობილება ძალადობრივად უნდა იყოს დამხობილი, ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფების დანაშაულებრივი კავშირების გააქტიურება. ამ დანაშაულებრივი კავშირების გააქტიურებაში თუ ვიგულისხმებთ იმას, რომ პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებში შედის საკამოდ დიდი გამოცდილების მქონე, საბრძოლო მოქმედებების და სხვადასხვა ოპერაციებში გამოცდილების მქონე ადამიანების გამოყენება კონკრეტული მიზნებისათვის, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ აქციებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ჩამოსვლა უკავშირდებოდეს კონკრეტულ მიზანს და ერთ-ერთ მიზნად შეიძლება განიხილებოდეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ დესტუქციულ ძალებს საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, როდესაც უკრაინიდან ჩამოდიან პროფესიონალი სამხედროები, თანაც ბრძოლებში ნაცადი და პირდაპირ აცახადებენ ანტისახელისუფლებო თავიანთ დღის წესრიგს, ეს ყოველთვის აღძრავს გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს, რატომ დასჭირდათ მაინცდამაინც ახლა ამ აქციაზე ორგანიზებულად ჩამოსვლა და ვინ უზრუნველყო ეს ყოველივე?

„ვიცით, რომ ისინი არიან ხელისუფლების ოპონენტები, მაგრამ ვისგან იმართებიან, თუკი იმართებიან და საერთოდ რა მიზნები აქვთ, ამაზე, რა თქმა უნდა, არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. თუ იმით შემოვიფარგლებით, რომ ისინი მხოლოდ აქციის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, კი ბატონო, მაგრამ მე რაღაც არ მჯერა ბოლომდე იმისა, რომ მხოლოდ აქციის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ ამხელა გზიდან. შეიძლება რაღაცის იმედი ჰქონდათ, რომ მათი უნარ-ჩვევები მოთხოვნადი გახდებოდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ მინდა ამ ადამიანებს ისეთი რამე დავაბრალო, რაც მათ გუნებაში არ აქვთ, მაგრამ თვითონ მათი ასეთი ორგანიზებული გამოჩენა აქციაზე, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

merab მაგ ნაც ზონდერების რა ჰგონიათ? თუ უკრაინაში იბრძვიან, ხალხს დაავიწყებენ ნაცმაცუნების რაობას? ნაცი - ნაცია! გინდა - შინ და გინდა -გარეთ.
მაგრად მოუჭით უკრაინაში მებრძოლებო და რამსი არ აგერიოთ! თორემ,
ისე უგზო-უკვლოდ გაქრებით, როგორც ჩაიდნიდან ამომავალი ორთქლი!
1 წლის უკან
trampi მოენატრათ საქართველო და იმიტომ ჩამოვიდნენ.....
ბიჯოოოს
1 წლის უკან