ფედელე:

ფედელე: "კვარაცხელია დელ პიეროს ჰგავს, როცა ის საუკეთესო ფორმაში იყო"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაში აქტიური საუბარი გრძელდება. ქართველი ფეხბურთელი ამჯერად ალესანდრო დელ პიეროს შეადარეს.

ენრიკო ფედელე ფიქრობს, რომ კვარა საუკეთესო ფორმაში მყოფ დელ პიეროს ჰგავს. თავის მხრივ, ფაბიანო სანტაკროჩე ფიქრობს, რომ დღეისთვის ხვიჩაზე უკეთესი მარცხენა გარემარბი მხოლოდ ვინისიუსია, ივან ძაძარონის თქმით კი ბრაზილიელის გარდა, კილიან მბაპესაც ჩამოუვარდება, შესაბამისად, მარცხენა შემტევებს შორის მესამე ადგილზეა.

ენრიკო ფედელე (ყოფილი სპორტული მენეჯერი და აგენტი): „კვარაცხელიას გოლი პაოლო დი კანიოს გოლს ჰგავდა, რომელიც „მილანს“ გაუტანა. ქართველი დელ პიეროს მაგონებს, როდესაც ალექსი ფორმაში იყო. კვარა მართლაც უხეში ბრილიანტია, რომელიც შეიძლება ბრწყინვალე გახდეს. ქართველი ამჟამად მარცხენა გარემარბებს შორის პირველი ნომერია პოტენციალით და იმით, რაც პირველ სეზონში აჩვენა გარკვეულ დონეზე. ფოდენი მეც მომწონს, მაგრამ კვარა მირჩევნია“.

ფაბიანო სანტაკროჩე („ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი): „კვარაცხელიამ წარმოუდგენელი გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, რაფაელ ტოლოი მეურვეობისას შეცდა, მაგრამ ქართველი შეტევის დასრულებაში ბრწყინვალე იყო. მარცხენა გარემარბებს შორის, ვფიქრობ, რომ ვინისიუსი პირველია, მაგრამ მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ შემტევის შემდეგ კვარაცხელიაა“.

ივან ძაძარონი (Corriere Dello Sport-ის რედაქტორი): „ის ძველი სტილის თავდამსხმელია, რომელიც თანამედროვედ თამაშობს. ულამაზესი გოლის გარდა, მან ბუნებრივად და შთამბეჭდავად შეუძლია რთული რაღაცების გაკეთება. ის ჯიჯი მერონს მახსენებს. ნუ შევადარებთ მარადონას, გთხოვთ. კვარა დიდებული ტალანტია, მომწონს, ამ დროისთვის მას მარცხენა გარემარბებს შორის მესამე ადგილზე ვაყენებ ისეთი დიდი მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მბაპე და ვინისიუსი არიან“.

ალდო აგროპი (ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი): „მარადონას 10 ნომერი მას არ უნდა გადაეცეს, ნუ გააკეთებთ ამ სისულელეს. მარადონა უნიკალურია, დაე, მშვიდად განისვენოს. ქართველს მარადონასთან საერთო არაფერი აქვს და სხვა პოზიციაზე თამაშობს. დიეგომ მაგია არსაიდან იპოვა. არგენტინელმა ყველაზე მაგარი გოლი ჯარიმით „იუვენტუსს“ გაუტანა, განუმეორებელი გოლი იყო. ქართველი კარგია, მაგრამ თუ აუცილებლად წარსულიდან დიდ ფეხბურთელს უნდა შევადაროთ, მაშინ ვთქვათ, რომ ომარ სივორის ჰგავს. კვარა ჯიჯი მერონისაც ჰგავს? ისიც პეპელა იყო, მაგრამ მარჯვნივ თამაშობდა. ქართველი შესანიშნავია, თუმცა 10 ნომერს თუ მისცემენ, ძალიან მეწყინება“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.