ფეხბურთში 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ესპანეთის და პორტუგალიის გაერთიანებულ კანდიდატურას უკრაინის ნაცვლად მაროკო შეუერთდა.
FIFA-ს კონგრესზე ბევრ სხვა დეტალთან ერთად, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადს ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად აკეთებს.
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ პირინეელებთან ერთად, მასპინძლობისთვის უკრაინაც იბრძოლებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ვარიანტი ძალას უფრო და უფრო მეტად კარგავდა, სანამ ამ დოკუმენტმა ოფიციალური სახე არ მიიღო.
ოფიციალური მიზეზით უცნობია ის, თუ რატომ გაუქმდა უკრაინის კანდიდატურა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის გაუთავებელი აგრესიაა. ომს დასასრული არ უჩანს, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ის, თუ რამდენად მოახერხებს 2030 წლისთვის უკრაინა ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებას, მეორე მიზეზი კი მანძილის სიშორეა. ესპანეთი-პორტუგალიასა და უკრაინას შორის მთელი ევროპაა გადაჭიმული, რაც კიდევ უფრო ამცირებდა უკრაინელების შანსს.
მაროკომ ეს სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის კატარის მუნდიალზე პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის პრეტენზიას 3 გაერთიანება აცხდადებს. ესპანეთი-პორტუგალია-მაროკო უკვე ვახსენეთ. საუდის არაბეთი, საბერძნეთი და ეგვიპტე ერთობლივი ძალებით შეეცდებიან მუნდიალის მასპინძლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში კატარის სიტუაცია განმეორდება და მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ ზამთარში გაიმართება. მესამე ვარიანტი კი არგენტინა, ჩილე, პარაგვაი და ურუგვაის გაერთიანებული კანდიდატურაა. სამხრეთამერიკული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან 100 წლის შემდეგ, მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ცენტრი კვლავ ურუგვაი გახდება, დანარჩენ 3 სახელმწიფოსთან ერთად.