რატომ მოკლეს კაჩინსკი

რატომ მოკლეს კაჩინსკი

[ლელა ჩქარეული]

პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ოჯახი სმოლენსკთან მომხდარ ავიატაკასტროფის მოწყობაში მოსკოვს ადანაშაულებს.  ექსპერტების შეფასებით, თუ კაჩინსკის ოჯახი რუსეთის მიმართ ბრალდებებს დაასაბუთებს, ეს ფაქტობრივად ომის გამოცხადება იქნება. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის მიერ გაკეთებულმა დასკვნამ არა თუ დაარწმუნა კაჩინსკის ნათესავები, რომ ტრაგედიაში დამნაშავე პოლონელი პილოტები იყვნენ, არამდე კიდევ უფრო გაამყარა მათი ანტირუსული პოზიცია. 

„დღეს ჰიპოთეზა შეთქმულებისა პოლონეთის პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით კიდევ უფრო ნამდვილია ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა გარდაცვლილი პრეზიდენტისა ქალიშვილის მარტა კაჩინსკი-დუბენეცკის მეუღლემ და წარმომადგენელმა მარცინ დუბენეცკიმ. 

„არის მრავალი ნიშანი იმისა, რომლებიც ცხადყოფენ, რომ რუსებს ლეხ კაჩინსკის მოკვლა უნდოდათ. ამას მე როგორც მარტა კაჩინსკის წარმომადგენელი ისე ვაცხადებ“, –  განაცხადა დუბენეცკიმ პოლონურ ტელეარხთან „TVN24“ საუბრისას. 

მისივე თქმით, მიზეზთა შორის, რომელთა გამოც, მოსკოვს კაჩინსკის სიკვდილი უნდოდა, არის მისი შესაძლო გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი რეაქცია 2008 წლის 8 აგვისტოში საქართველოში მომხდარ ომზე და ასევე პოლონეთის პოზიცია ევროკავშირში. 

დუბენეცკიმ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი, რომელიც ავიაკატასტროფას იკვლევდა, მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა. მაგალითად - დაღუპვამდე 22 წამით ადრე პილოტებს ჰქონდათ მცდელობა უარი ეთქვათ დაშვებაზე და კვლავ სიმაღლე აეღოთ. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ეკიპაჟს არ ჰქონდა ინფორმაცია თვითმფრინავის სიმაღლისა და მისი მდგომარეობის შესახებ ასაფრენ ბილიკთან მიმართებაში. 

ექსპერტის სამართლის საკითხებში გელა ნიკოლაიშვილის აზრით, თუ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ოჯახი რუსეთის მიმართ წაყენებული სიტყვიერი ბრალდებების შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებას შეძლებს, ეს ფაქტობრივად ომის გამოცხადება იქნება. 

„ის, რომ რუსეთი პოლონეთის ექს-პრეზიდენტის სიკვდილით იყო დაინტერესებული, ძალზე სერიოზული ბრალდებაა და მისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში ეს ფაქტობრივად ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. 

შესაბამისად, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია. რაც შეეხება მოვლენების სამართლებრივ ჩარჩოებში განვითარებას, მყარი სამხილების მოპოვების შემთხვევაში ოჯახს სრული უფლება აქვს, რუსეთს სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით ჰააგის სასამართლოში უჩივლოს“,- განუცხადა „პირWელს“ ნიკოლაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პოლონური მხარე საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას ეხებოდა - ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონური მხარის სპეციალური წარმომადგენელი ედმუნდ კლიხი აცხადებს, რომ ანგარიშში შეცდომებია, დაღუპულთა ოჯახების ადვოკატმა ანგარიშს სკანდალური უწოდა, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი ანგარიშს „პოლონეთის დაცინვის“ კვალიფიკაცია მისცა. 

იაროსლავ კაჩინკი აცხადებს, რომ ეს არის „შედეგი ტუსკის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ, რომ გამოძიება რუსულ მხარეს ეწარმოებინა“.„მოსკოვმა ავიაკატასტროფაში პოლონელი მფრინავები დაადანაშაულა და ამის არავითარი საფუძველი მას არ ჰქონდა“, – აცხადებს კაჩინსკი. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში არასრულია და შეცდომებს შეიცავს. კერძოდ, მისი თქმით, ეკიპაჟს არ ჰქონდა საშუალება ბრძანება „ჰორიზონტი“ შეესრულებინა და უსაფრთხოდ წასულიყო სათადარიგო აეროდრომზე, ვინაიდან ბრძანება ძალიან გვიან იყო გაცემული. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტებმა ავიაკატასტროფის მიზეზებს ასევე განაკუთვნეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის წევრებზე ახორციელებდნენ. 

პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლის სისხლში, რომელიც პილოტის კაბინაში იმყოფებოდა აღმოჩენილია 0,6 პრომილი ალკოჰოლი. ეკიპაჟის მეთაური საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტების აზრით, გაუმართლებელ რისკზე წავიდა. მას სურდა დაშვება განეხორციელებინა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკურმა კომისიამ კატასტროფამდე მიმყვან ფაქტებად არ მიიჩნია აეროდრომის მდგომარეობა და სახმელეთო სამსახურების თანამშრომელთა მომზადება. 

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 12 იანვარს პოლონელ დიპლომატებს გაუგზავნა გამოძიების შედეგად მომზადებული დასკვნების საბოლოო ვერსია. ეს ანგარიში ვარშავამ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიუღებელი უწოდა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა რუსეთს შესწორებები გაუგზავნა, რომლებიც 150 გვერდზე იყო განთავსებული. 

შეგახსენებთ ასევე, რომ პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ლეხ კაჩისნკის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა გასული წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ბორტზე 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და პოლონური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაიღუპა.