საწვავის მკვეთრი გაიაფების ტენდენცია დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო და ბაზარზე სხვაობა შესამჩნევია. როგორც ირკვევა, ფასთა კლება კიდევ გაგრძელდება და 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება დაახლოებით 2 ლარს გაუტოლდება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, საწვავი მარტშიც უნდა გაიაფდეს. ფასების შემცირება კურსის სიმყარესა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
„პრემიერთან ბაზარზე არსებული ვითარება განვიხილეთ. ვითარება კი დღეს ასეთია: თებერვალში საწვავის ფასი შემცირდა, ყველა ტიპის საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა. თუ იგივე მოცემულობა დარჩება, რაც კურსის სტაბილურობას, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობას გულისხმობს, საწვავის გაიაფებას მარტშიც უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა გრძელდება.
„მოკვლევა მიმდინარეობს, პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზე ვართ. 2022 წლის 8 თვის შეფასება თითქმის მზად გვაქვს, ახლა სამართლებრივ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. საბოლოო ჯამში, არის თუ არა დარღვევა, ეს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა შარშან დაიწყო. მოკვლევა ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც დადასტურებს, რომ საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება. როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ.
„ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია.
ჩვენი მოლოდინით, ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
გაიაფების ტენდენციას ადასტურებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. ორგანიზაციის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, მიმდინარე თვეში საწვავზე ფასი დამატებით 30-40 თეთრით კიდევ შემცირდება.
„ჩვენ დიდი ხანია დავაანონსეთ ფასთა კლების ტენდენცია, მხედველობაში მაქვს მთლიანად ნავთობპროდუქტების სექტორი და ასევე პრემიერის განკარგულება აუცილებლად მოქმედებს.
დიზელზე ფასის სერიოზულად კლების მოლოდინია, გაიაფდება აუცილებლად, რაც შეეხება ბენზინს - ყველაზე მოხმარებად „რეგულარს“, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ამაზე გვაქვს ცალსახა პასუხი, რომ შემოდის ძალიან შესამჩნევი ფასთა კლებით ევროპასთან შედარებით. დღეს ჩვენ გვაქვს დიდ ბრენდებზე 2.30-2.35-2.29 ლარიც კი, მაგრამ არაბრენდირებულზე 2.10-2.15 ლარი, ფასის კლება აქ გამოწვეულია ნაკლები ხარჯით.
საწვავის ერთბაშად გაიაფება კარგს არ მოიტანს არც კომპანიებისთვის და არც ბიუჯეტისთვის, ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა პატარ-პატარა ბიჯებით დავიწყებთ და გაგრძელდება ეს ტენდენცია, მაგრამ არ იქნება იმაზე ნაკლები, რაც იყო თებერვალში. 30-35 თეთრის ფარგლებში, შეიძლება 40 თეთრითაც გაიაფდეს, მოვლენებს ნუ გავასწრებთ“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ იობაშვილმა.
კითხვაზე რას ცვლის ახალი მოთამაშეების გამოჩენა საწვავის ბაზარზე, იობაშვილი პასუხობს, რომ კონკურენცია იზრდება, თუმცა მთავარი საკითხი აქ კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.