„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნოს და ამისთვის ნაბიჯების გადადგმაც დაწყებული აქვს.
იტალიური მედია წერს, რომ კვარასთან კონტრაქტის 2028 წლამდე განახლება და ხელფასის 1.2 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე გაზრდა იგეგმება, რასაც ბონუსები დაემატება. ზოგადად, ამ საკითხზე იტალიური მედია დიდი ხანია წერს, სავარაუდოა, რომ კონტრაქტი ოფიციალურად სეზონის დასრულების შემდეგ გაფორმდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს იტალიურ მედიაში მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო ინტერესზეც დაიწერა, რომლის მიხედვით, ესპანური კლუბის წარმომადგენლებს კვარას გარემოცვასთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდათ. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ დე ლაურენტისს ხვიჩას შენარჩუნება უნდა და მას 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.