ფედელე:

ფედელე: "ნეაპოლში ზომიერება არ ვიცით, კვარაცხელიას 2 კვირა ვაკრიტიკებდით, ახლა ისევ ფენომენია"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დიეგო მარადონასთან შედარება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კარგად თამაშობს.

„სპალეტიმ კვარა დიეგოს შეადარა, მაგრამ საჭირო არაა „პიბეზე“ საუბარი. „ნაპოლის“ მწვრთნელი ამას კარგი მიზნით აკეთებდა, იმისთვის, რომ წაეხალისებინა ფეხბურთელი, რომელიც სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ნეაპოლში ზომიერება არ ვიცით: ბოლო ორი კვირა მას ყველა აკრიტიკებდა, ახლა კი ისევ ფენომენია. კვარაცხელიას „ნაპოლის“ ფეხბურთელებს შორის ვარსკვლავობა ყველაზე მეტად შეუძლია, მაგრამ მარადონასთან შედარება მკრეხელობაა“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.