The Last of Us-ის პირველი სეზონი ემოციური ფინალით დასრულდა. მე-2 სეზონთან დაკავშირებით კი მაყურებლების მხრიდან სხვადასხვა თეორია გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ სერიალი იმავე სახელწოდების თამაშის მიხედვით არის გადაღებული, ამიტომ მე-2 სეზონში მოვლენები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვითარდება.
რადგან მე-2 სეზონში ბელა რემზის პერსონაჟი — ელი 19 წლის უნდა იყოს, The Last of Us-ის ფანები დაინტერესდნენ, შეიცვლება თუ არა მსახიობი. სერიალის შემქმნელებმა კი დაადასტურეს, რომ ელის როლს მე-2 სეზონში ისევ ბელა რემზი შეასრულებს.
"ვიცით, რას გავაკეთებთ მე-2 სეზონში კოსტიუმებისა და მაკიაჟის მხრივ, თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსახიობის ხასიათის შესახებაც ბევრი რამ ვიცით. შემდეგი სეზონი ნაწილობრივ თამაშის მსგავსი იქნება, მომენტებში კი მისგან რადიკალურად განსხვავებული. მაგრამ ამ ყველაფერს ბელასთან ერთად გავაკეთებთ", — განაცხადა შოუს შემქმნელმა, კრეიგ მაზინმა.
მაზინმა ისიც გაიხსენა, რომ თავიდან ელის როლზე ბელა რემზის დამტკიცებით მაყურებელთა ნაწილი უკმაყოფილო იყო, რადგან ამბობდნენ, რომ მსახიობი თამაშის პერსონაჟს გარეგნულად არ ჰგავს. შოუს შემქმნელის თქმით კი, ის ბელას სამსახიობო ოსტატობაში თავიდანვე დარწმუნებული იყო და ახლა ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.
The Last of Us-ს მეორე სეზონი უკვე დაუმტკიცდა, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.