„ვფიქრობ, მმართველ გუნდში, გადაჯგუფება ხდება და ძველ ძალას ახალი ძალა ანაცვლებს“

„ვფიქრობ, მმართველ გუნდში, გადაჯგუფება ხდება და ძველ ძალას ახალი ძალა ანაცვლებს“

ე.წ. აგენტების კანონის ირგვლივ, როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობა პარტიის შიგნით უკვე არსებობდა და ეს 7 მარტს გამოჩნდა, როცა რამდენიმე დეპუტატმა კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. ესენი არიან: ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით სერგეენკო, ქეთევან დუმბაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია. მოგვიანებით, ირაკლი მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დაუჭირა. ამ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა ქეთევან დუმბაძემ. მანაც კენჭისყრაში მონაწლეობის ვერმიღება ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

თუმცა პარლამენტის კენჭისყრის ანგარიშის ფორმულირებით, სხდომას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები: ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი ხელაშვილი, თუმცა ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კენჭისყრის დროს დეპუტატი ხელაშვილი სხდომათა დარბაზში იყო და დარბაზს კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტოვებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნებიდან“ მინიმუმ 6 დეპუტატს ან გაუშვებენ, ან საკუთარი სურვილით წავლენ: ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით სერგეენკო.

ანალიტიკოსები ამ სცენარს for.ge-სთან რეალურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის არსებობაც კითხვის ქვეშ დადგეს. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ დეპუტატებმა მანდატებიც დატოვონ, რის შემდეგაც ხელისუფლება მათ ადგილას სხვა დეპუტატებით ჩაანაცვლებს. თუმც არსებობს სხვა სცენარებიც, რომლის განვითარებასაც ისინი არ გამორიცხავენ.

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისათვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა 76-ია. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატი შედის, საიდანაც 74 მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, ხოლო 9 კი - მისგან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია.

აქედან გამომდინარე, თუკი „ქართულ ოცნებასა“ და, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას 8 ან მეტი დეპუტატი დატოვებს, ეს შესაძლოა საპარლამენტო კრიზისის დასაწყისი გახდეს, რადგანაც უმრავლესობის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. ხოლო თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მთავრობა არალეგიტიმურად გამოცხადდება, რაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზეზიც შესაძლოა გახდეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან წასვლას აპირებს, მაშინ მმართველ გუნდს უმრავლესობის შენარჩუნების ერთადერთი გზა რჩება, დატოვონ ამ ადამიანებმა მანდატი და მათ „ოცნებიდან“ სხვა პოლიტიკოსები ჩაანაცვლებენ.

„თუკი ეს დეპუტატები მანდატსაც დატოვებენ, სიაში მომდევნო ადამიანებს შეუძლიათ მათი ადგილი თავისუფლად დაიკავონ. ჩვეულებრივად, პროცედურებით, როგორც ხდება ხოლმე, ახლაც ასე მოხდება. ამ შემთხვევაში უმრავლესობა არ დაიშლება. თუ დავუშვათ, რომელიმე მათგანი წავიდა და დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა, მაშინ უკვე პრობლემა შეექმნებათ. მანდატის დატოვება ნებაყოფლობითია. ამ ადამიანებს თუ არ ენდომებათ არ დატოვებენ, ეს კი ფაქტია ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. ერთ მაგალითს შეგახსენებთ, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატების ერთმა ჯგუფმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო შესწორება ჩააგდო, მაშინ რამდენიმე დეპუტატმა „ოცნებიდან“ უმრავლესობა დატოვა. 2-მა მათგანმა კი მანდატი დატოვა და საერთოდ პარლამენტიდანაც წავიდა. მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს და უმრავლესობა შენარჩუნდა. ამაზეა დამოკიდებული ახლა ეს დეპუტატები რა გადაწყვეტლებას მიიღებენ. ადრე უმრავლესობიდან გახარიას მიერ მოყვანილი ჯგუფი გავიდა, შემდეგ კიდევ სხვამ დატოვა უმრავლესობა. ახლაც რომ კიდევ ვინმემ დატოვოს და დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩნენ, „ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ეყოლება. შესაბამისად, უკვე მთავრობის მიმართ ნდობის საკითხი დადგება. უმრავლესობის არმქონე პარტიას უკვე მთავრობის ფორმირება აღარ შეეძლება“,-ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხბა იმ ფაქტს, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ გუნდის შიგნითვე არსებული აზრთა სხვადასხვაობის შეცვლა ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით, ანჯაფარიძე ამბობს, რომ თავიდანვე ჩანდა, რომ ეს კანონპროექტი ასე მარტივად პროცედურებს ვერ გაივლიდა და ის ვნებათაღელვას გამოიწვევდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის რეაქციები რაც დასავლელ პარტნიორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ, ფაქტი იყო, რომ პრობლემებს შექმნიდა. ამის გათვლა რთული არ იყო.

„რატომ მიიღეს საბოლოოდ გადაწყეტილება, რომ პირველ მოსმენაზევე ეს კანონპროექტი გაეტანათ, ჩემთვის აუხსნელია. ან იქნება საკუთარი თავი დაარწმუნეს, რომ პროტესტი ისეთი მძლავრი არ იქნებოდა და ამას გადაატარებდნენ. ვენეციის კომისიას როცა გადაუგზავნიდნენ, ამით პროტესტს ჩააცხრობდნენ. თუმცა, როგორც ვნახეთ, ეს ესე არ მოხდა. აქედან გამომდინარე, ეს ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი უნდა იყოს, არა მხოლოდ „ოცნებისთვის“, არამედ ნებისმიერი პარტიისთვის, როცა ასეთი წინააღმდეგობრივი კანონპროექტი გაგაქვს, საზოგადოებასთან წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, აქტიური კომუნიკაცია უნდა გაატარო, განსაკუთრებით დაინტერესებულ ჯგუფებთან. ყველაფერმა ერთად იმუშავა, რადგან ფაქტია, ოპოზიციამ საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო მოახდინა და იმ ფორმით მიიტანა, როგორც თავად სურდა. რა თქმა უნდა, ინტერნეტს ყველა კითხულობს და ნახეს დასავლეთის მხრიდან რა რეაქციაც იყო. ამიტომ ამით ყველამ საკუთარი აზრის ფორმირება მოახდინა, რაც შემდეგ საპროტესტო აქციების სახით გადმოიღვარა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის ასეთი რეაქცია და შესაძლო პარტიის დატოვება ბევრ კითხვას აჩენს. ანალიტიკოსი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ეს სახელისუფლებო გუნდის თამაშის ნაწილი იყოს და მმართველი გუნდი შესაძლო კრიზისს ხელოვნურად ქმნიდეს, რათა შემდეგ რიგგარეშე არჩვენები დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში, ყველა სოციოლოგიური კვლევით, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული ბოლოდროინდელი განწყობებისა, გამარჯვების შანსი მაინც „ოცნებას“ აქვს, მით უმეტეს თუ ძველი სახეების ახლით ჩანაცვლება მოხდება.

„არ ვიცი, ბოლომდე მაინც არ მჯერა, რომ ეს 6 თუ 8 დეპუტატი ასე უცბად კონტროლიდან გამოვიდა და მოულოდნელად პარტიის დატოვება გადაწყვიტა. დროში ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა. საქმე კი ისაა, რომ თუკი „ოცნებას“ 8 დეპუტატი მაინც დატოვებს, ხელისუფლება უმრავლესობას კარგავს. ასეთ შემთხვევაში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა უნდა მოხდეს. დგება მეორე საკითხი, მაშინ ოპოზიციამ 76-მდე კაცი უნდა მოაგროვოს, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმანს, რასაც მგონია, რომ ვერ შეძლებენ. ასვე, პარლამენტში არიან პატარა პარტიები, როლებსაც რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტის დათხოვნა არაფერშიც არ აწყობთ. ამიტომ ეს ვერსია არადამაჯერებელი მგონია. ხელისუფლებას თუ უმრავლესობა არ ექნება, დეპუტატები, რომლებიც პარტიიდან გავლენ, ვფიქრობ,  უმრავლესობასთან თემატურად მაინც ითანამშრომლებენ. შესაბამისად, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში მათი ხმების გამოყენება ხელისუფლებას მაინც შეეძლება. ვფიქრობ, აქ სხვა რაღაცა ხდება. ამ ყველაფრის პარალელურად, მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ჩნდება. ამბობენ, რომ ის ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ის საკმაოდ უცნაურ ინტერვიუს იძლევა კობახიძეზე და მას უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკას უწუნებს. ასევე რამდენიმე მედიაში საინტერესო ანალიტიკურ წერილებს აქვეყნებს. მე საქმე შემდეგში მგონია, ხელისუფლებაში როტაცია ხდება. ყიფიანი მგონია ზუსტად ის ძალაა, რომელიც არსებულ მმართველ გუნდს ჩაანაცვლებს, ხოლო ეს პარტიიდან გამოსული დეპუტატები კი მისი დასაყრდენი ძალა იქნება. ამაზე მხოლოდ ანალიზის დახმარებით ვსაუბრობ და, რა თქმა უნდა, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ეს ცვლილება უფრო შემოდგომაზე იქნება, ღარიბაშვილს ყიფიანი ჩაანაცვლებს, კობახიძე კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გადაინაცვლებს. ვფიქრობ, გადაჯგუფება ხდება და ძველ ძალას ახალი ანაცვლებს“,-ამბობს ძაბირაძე.