ოპოზიცია კმაყოფილია, რომ არჩევნები, ბოლოს და ბოლოს, დაინიშნა, თუმცა ამთავითვე აშკარაა, რომ იდეის, შესაბამისად კი, რიგების მონოლითობა ვერ შეინარჩუნა.
თავდაპირველი ინფორმაციით, „ლეიბორისტები“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ანუ ბოიკოტის ერთგულები დარჩებიან, თუმცა არც ბოიკოტის ორგულთა ოპოზიციურ ბანაკშია ერთიანობა.
წინასწარი ინფორმაციით, „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“ გაერთიანდებიან, „მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ კი საარჩევნო ძალებს დამოუკიდებლად მოსინჯავენ, აღარაფერს ვამბობ „საქართველოს გზაზე“, რადგან ქალბატონი ლიდერი კარგა ხანია, ეულად ეწევა წინასაარჩევნო ჭაპანს.
ამ დაქსაქსვაში, ანუ პოლიტდამოუკიდებლობის წყურვილში ცუდი არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს მიზეზი სკამების ვერ განაწილება არ არის.
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ოპოზიციის მტკიცებით, ამჟამინდელი ხელისუფლება ღვთის რისხვაა, მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებენ ნებისმიერ ფასად გაერთიანებას, ესე იგი ერთობლივი ძალებით ამ „ღვთის“ თავიდან აცილებას.
ეს კი ბადებს ეჭვს, რომ აქაც (ესე იგი - ხელისუფლებაში) და იქაც (ესე იგი - ოპოზიციაში) „მე“ ყველაფერზე პრიორიტეტულია.
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ მხოლოდ მეორედ მოსვლა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) თუ მოგვიყვანს აზრზე.