„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4-პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. აღნიშნულ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სამშენებლო დარგის წარმომადგენლები.
როგორც „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, სავარაუდოდ, „საქსტატმა“ იანვარში მშენებლობის სექტორში გაცემული ხელფასები დეკემბრის მონაცემებს შეადარა და ცხადია, რომ კლება მიიღო.
„არ ვიცი „საქსტატის“ მეთოდოლოგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „საქსტატის“ იღებს იანვარში მშენებლობის დარგში გაცემულ ხელფასებს, ადარებს დეკემბერში გაცემულ ხელფასებს და დააფიქსირეს, რომ არის შემცირება.
ლოგიკა მანდ შეიძლება იყოს შემდეგი, მშენებლობაზე ანაზღაურებას იღებენ მოცულობიდან გამომდინარე, ანუ რა სამუშაოსაც ასრულებ. რასაც მუშაობენ იმ შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებენ ანაზღაურებას.
იანვარში არის ბევრი დასვენების დღე, შესაბამისად, ყველაზე პასიური თვეა მშენებლობაში. სხვა დღეებში თუ შაბათ-კვირასაც კი მუშაობენ მშენებლობაზე, იანვარზე ნახევარი თვე ან 10 დღე საერთოდ არ მუშაობენ. ახალი წლებია, თან ბევრი ადამიანია, რომლებიც რეგიონიდან არიან ჩამოსულები, ახალ წლებზე ჩერდება მშენებლობა.
ჩვენ ვინც ოფისში ვმუშაობთ, იანვარშიც იგივე ანაზღაურებას ვიღებთ, რაც დეკემბერში ავიღეთ, მშენებლობაში კი იანვარში უფრო ნაკლებია. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ ეს მეთოდოლოგია აქვს „საქსტატს“ და ამის მიხედვით დათვალა. ჯამურად შეადარეს დეკემბერი იანვარს, ერთადერთი ახნა ეს არის, თორემ იანვარში ზოგადად ხელფასების შემცირება არ მომხდარა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ორთოიძემ.
მშენებლობის დარგი კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და ასეთ პირობებში ხელფასების შემცირება ბიზნესის პრინციპებთან წინააღმდეგობაშია. დეველოპერი ირაკლი როსტომაშვილი დაბეჯითებით ამბობს, ტენდენცია პირიქითაა და ფასები მატულობს. შესაბამისად, გაურკვეველია რას ეფუძნება „საქსტატის“ კვლევა, მით უმეტეს, ხელფასებთან დაკავშირებით.
„მშენებლობა არის დარგი, რომელიც 500-მდე დასახელების პროდუქტს მოიხმარს. აქედან ყველა მიმართულება: ლურსმანი, კერამიკული ფილა, ცემენტი, წყალი, ტრანსპორტი, მძღოლი, მუშა და სხვა, გაძვირებულია.
არაფერი გაიაფებულა და მით უფრო, მშენებლობა ნამდვილად ვერ გაიაფდება, რადგან მოთხოვნა არის მზარდი, მიწის ღირებულება მაღალია, რეგულაციები მოითხოვს ხარისხის ამაღლებას, რაც ასევე დამატებითი ხარჯია და საბოლოოდ მშენებლობის გაძვირებას იწვევს. შეუძლებელია, დასაქმებულის ხელფასი შემცირებულიყო.
არც ჩემს ბიზნეს-საქმიანობაში, არც პარტნიორ ორგანიზაციებთან არ ფიქსირდება ფასების კლება, თანაც, მუშახელის დეფიციტია და რეალურად წარმოუდგენელია ვინმეს ნაკლები ხელფასი გაეცა. სტატისტიკურ მონაცემებში აშკარად უზუსტობაა“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა.