წინა კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა მორიგი "სკანდალი" გააგორა - საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ მრჩეველს (მთავრობის კანცელარიის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის პირველი რანგის მრჩეველი), ელჩობის კანდიდატს დიდ ბრიტანეთში და მწერალს, ზურაბ ქარუმიძეს ფალოსი უწოდა: "ქარუმიძე არის ფალოსი და ეს გადამოწმებას არ ექვემდებარება. ვინც პარლამენტში ხმას მისცემს ქარუმიძის ელჩად გაშვებას, მე, სოსო ჯაჭვლიანი, ყველას ფალოსს დავუძახებ!"
მოდით, სანამ ჩემეულ მსჯელობაზე გადავალ, ვნახოთ, რამ აღაშფოთა ჯაჭვლიანი, რატომ გაიმეტა ამხელა კაცი "საფალოსედ"? 3 წლის წინათ ზურაბ ქარუმიძეს დაუწერია რომანი - "მელია ტულეფია", რომელიც ასე იწყება:
"დიდი შუადღე. უშგული. ლამარიას ეკლესია. სალოცავის გარშემო ზორბა სვანი კაცები ფერხულში ჩამწკრივებულან და გველისებრ კლაკნილებს მიუყვებიან: თითოეულს ხელები წინმდგომის თეძოებზე უდევს და უქაქუნებს. მოფერხულეებს პატარა ბავშვები მისდევენ, მუჭით ნაკელს ესვრიან და აფურთხებენ, თან ერთმანეთსაც მიაყრიან, ძახილ-ძახილით: "ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!"
თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩებულან, კვარცხლბეკივით შემაღლებულ ალაგას მანაზე რამდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ; თხები შარდავენ, დაჩოქილი ქალები კიდევ შარდის ჭავლს პირს უხვედრებენ და დალევას ლამობენ; მლაშე შარდს რომ გადაყლაპავენ, თავსაფრის კიდით ტუჩებს მოიწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: "მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ! Mon cher!! ჯიმშერ! Mon cher!!"… "ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!" - ჟრიამულობენ ნაკელში ამოგანგლული ბავშვები".
როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს თავის ერთ-ერთ ნაშრომში, ეს არის ძველი სვანური რიტუალი. მართალია, ეს რიტუალი თანამედროვეთაგან არავის უნახავს (არც ივანე ჯავახიშვილს), მაგრამ ლეგენდის დონეზე მაინც არის შემორჩენილი. მოკლედ, ეპიზოდი, რომელმაც სოსო ჯაჭვლიანი ლამის ჯაჭვით დასაბმელი გახადა, ქარუმიძეს "მოპარული" აქვს ივანე ჯავახიშვილისგან. თუმცა იგივე ქარუმიძე ამ უხერხულ "რიტუალს" განაგრძობს რომანის მთავარი პერსონაჟის, შაქრო კარმელის მეშვეობით და ასეთ რამეს წერს:
"ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ!"… - ჩაესმა ძილბურანიდან გამორკვეულ შაქრო კარმელს. ხელი საბნისქვეშ შეაცურა და ყვერები მოიფხანა. მერე სირიც მოისინჯა - ქვასავით გამაგრებოდა; ძილში დაგროვებული ენერგიით დატენილი: "ის" უკვე ამდგარიყო! სიზმრის ლატენტიური მოქმედება, როგორც რომ იტყვის პროფესორი ფრეიდ…და კიდევ - ფიზიოლოგიურის წვენთა შერევა და ურთიერთქმედება ძილის დროს; აი, რა ახდენს გაღვიძებისას ხოლმე ამ ეროტიკულის ენერგიის გენერირებას, - გაიფიქრა შაქრომ და გაიზმორა,… გაზმორებისას სირმა `თავისაკენ მოქაჩა". "ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ", - უთხრა სირმა პატრონს.
არა, კისლავოდსკში არ იყო, თბილისში იყო, სერგიევის ქუჩაზე, სახლში #2 - ერთოთახიან ბინაში, კომუნალური სამზარეულო და საპირფარეშო რომ აკავშირებდა სხვა მდგმურებთან ამა სოფლისა: მოხარშული კომბოსტოს ყროლი და კლასიკური ქართული ჩეჩმა, მთელი თავისი ფეკალური ატრიბუტიკით, ხოლო კისლავოდსკში ნადია იყო, ნადეჟდა დაშკოვა - შაქრო კარმელის ყოფილი ხასა.
შაქროს ბედის ტრაექტორიაც ნადიასას ეპარალელურება. მაგრამ, რუსის ქალს განა რა ქალი სჯობია?!
საბანი გადაიხადა და წამომდგარ სირს დახედა: დასაბამიერი, თაურმდგომი ასო, ჭეშმარიტი "ალფა", ხოლო ყვერები - "ომეგასაებრ" მომრგვალებულნი: ალფა და ომეგა! დასაბამი და დასასრული! ნაწილი (სირი), რომელიც მთელს (შაქროს) მოიცავს და მთელი (შაქრო), რომელიც ნაწილში (სირში) განსრულდება იდუმალის დიალექტიკით!"
აქ უკვე საინტერესოა თავად ზურაბ ქარუმიძის "თავის მართლება"... მინდოდა, მას პირადად გავსაუბრებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეული კომენტარების გაკეთების შემდეგ "ზემოდან" ურჩიეს, თუ გინდა, რომ ელჩად დაგნიშნოთ, ცოტა ხანს "მოკეტეო" და ამიტომაც ასეთი რამ მომწერა:
"მოგესალმებით, ბატონო გელა, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უმორჩილესად გთხოვთ, გამიგოთ".
არაუშავს... ამჯერად, იძულებული ვარ, ის კომენტარები და ახსნა-განმარტებები გამოვიყენო, რაც ზურაბ ქარუმიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა ცხელ გულზე:
"ალბათ, არ მოეწონათ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება ბრიტანეთში საქართველოს ელჩად, თორემ ეს წიგნი 3 წლის წინ გამოვიდა და ახლა ნახეს, რა ეწერა იქ?.. ჯაჭვლიანმა საერთოდ არ იცის, რომ ეს რიტუალი არსებობდა და არც ის, ამაზე ივანე ჯავახიშვილი თუ წერდა. ფაქტია, რომ ჯაჭვლიანი არის უზრდელი... მას რომ წაკითხული ჰქონდეს "მელია ტულეფია", ნახავდა, რომ ეს წიგნი გაჯერებულია სვანეთისა და სვანების სიყვარულით. აბსოლუტურად იდენტური რიტუალი აქვს აღწერილი ივანე ჯავახიშვილს და ეს სწორედ მისგან ავიღე. 1926 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლითურთ და იმოგზაურა სვანეთშიც. თავად ამ ამერიკელის მემუარებში ნახსენებია ქართველი კაცი, ვინმე შაქრო, რომელიც მე გამოვიყვანე ჩემი რომანის ცენტრალურ პერსონაჟად. გვარი შევუცვალე - შაქრო კარმელი, ცოტა ექსცენტრიკული პიროვნებაა, კომიკურიც არის და ტრაგიკულიც, რაღაც ხილვებიც აქვს. რომანი იწყება ამ შაქროს სიზმრით და სწორედ ეს სიზმარია, რაც იწვევს გაუგებრობას და თავისებურ აგრესიასაც კი ამ რომანის მიმართ".
თქვენი არ ვიცი და... მე პირადად სოსო ჯაჭვლიანს რამდენიმე საკითხში არ ვეთანხმები: პირველი - აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, ზურაბ ქარუმიძეა ფალოსი თუ ფალოსია ზურაბ ქარუმიძე? მეორე - საინტერესოა, ხომ არ გააკეთა ჯაჭვლიანმა უნებლიეთ ქარუმიძის საქმე? ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, ის ელჩად დანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა იფიქრებს, რომ ჩვენი მთავრობა სოსო ჯაჭვლიანისა და "ასავალ-დასავალის" ჭკუაზე დადის (მისი ინტერვიუ ამ გაზეთში დაიბეჭდა); მესამე - რატომ არის ფალოსი სალანძღავი სიტყვა, ის ხომ ყველაზე "მაგარი" ორგანოა მომენტებში და ყველაფერს უძლებს? ამავე დროს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძველ სვანეთში ფალოსს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და ლამის განაყოფიერების ღმერთადაც კი აღიქვამდნენ. ბოლოს და ბოლოს, დღესაც უამრავ ქვეყანაში ამ ორგანოს ძეგლსაც კი უდგამენ.
ვინ არის ზურაბ ქარუმიძე? ის დაიბადა 1957 წელს. მიღებული აქვს მამუკა ხაზარაძის ლიტერატურული პრემია "საბა". ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში" (ინგლისურენოვანი პოეტი. ორჯერ იყო პარლამენტის წევრი, ბოლოს ანაფორა ჩაიცვა და სენტ პოლის წინამძღვარი გახდა). წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი რომანი "მელია ტულეფია" (ჩემი აზრით) დიდი არაფერია... 3 წლის წინ დაწერილ რომანს რომ მხოლოდ ერთი ინციდენტის გამო გაიხსენებენ და მანამდე თითქმის არავის წაუკითხავს, ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. რომანის მთავარი პერსონაჟი, შაქრო კარმელი, თავად ქარუმიძეც ამბობს, ერთი უბადრუკი და არეული კაცია, რა დროს რა ესიზმრება და რა დროს რომელ ყვერს იფხანს, გაუგებარია. სწორედ ასეთი არეული თხრობითა და ბილწსიტყვაობით გამოირჩევა ზურაბ ქარუმიძის ნამუშევარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის დეისაძეებისა თუ ბურჭულაძეების სტილით ცდილობს დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში.
სხვათა შორის, ლამარიობის დღესასწაული კონსტანტინე გამსახურდიამაც აღწერა "მთვარის მოტაცებაში", მაგრამ უფრო ფაქიზად:
"წამო, საქმისაის მორთვას ვუყუროთ. რა გენაღვლება, არაყს გვასმევენ".
"საქმისაი რა ჯანდაბაა?" - იკითხა არზაყანმა. საური შეეცადა, მაგრამ ვერ აუხსნა.
თარაში მიეშველა: დღეს მურყვანობააო, კოშკის დღესასწაული, ამ დღეს ნაყოფიერების ღმერთს - ფალოსს ევედრებიანო სვანები. მერმე უამბო, თუ როგორ ირჩევენ სოფლელები ორ მეთაურს: ყეენს და საქმისაის...
კოშკის გარშემო ყეენი წამოწვა ნაბადზე, თავისი დედოფლები შეიმწყვდია ნაბადში. ეძიძგილავება, ეალერსება ქალწულებს. ადგა საქმისაი, მოიხსნა ხის ასო, ლამარიას სახელობის ეკლესიისკენ პირი იბრუნა. ხის ასოთი დაემუქრა: ასე და ასე გიზამო. მერმე გადააფურთხა.
"ფუი ლამარია, ფუი ლამარია!"
მიაძახა მჭახე ხმით"...
სოსო ჯაჭვლიანი ისევ იმ აზრზეა, - აგერ, ერთი კვირა გავიდა და ჯავრი კიდევ არ განელებია. მისი თქმით, სვანეთში მსგავსი რიტუალი არასოდეს არსებობდა:
სოსო, ეს რიტუალი კონსტანტინე გამსახურდიასაც აქვს აღწერილი, აღარაფერს ვამბობ ივანე ჯავახიშვილზე.
- ქარუმიძეს ყველაფერი ბინძურად აქვს დაწერილი. ასე რომ გავყვეთ, ძალიან შორს წავალთ... ერთი პოეტია, შოთა იათაშვილი, ეგ წერს ჩემზე, გედია ციციკორედ ნუ იქცევაო. იცი, შოთამ სახელი რით გაითქვა? ერთი ბარბაქაძეა, ისიც ვითომ პოეტი და მისი ნასუფრალით იკვებება, გრანტებით აღზევდა. "საბას" კონკურსი რომ ტარდება, ჟიურის წევრებს სასირცხვილოდ მარტო ის ეყოფათ, ტარიელ ხარხელაურმა ეს პრემია რომ ვერ აიღო და მისცეს იათაშვილს. ყველა მეფეს ჰყავდა თავისი მასხარები, ესენი იყვნენ მიშას მასხარები. ესენი თავიანთი ნაბოდვარით წამლავენ მთელ საქართველოს.
ერთი საკითხიც გავარკვიოთ... თუ ახლა ქარუმიძეს ელჩად არ დანიშნავენ, მაშინ ატყდება ერთი ამბავი, საქართველოს მთავრობა ჯაჭვლიანის ჭკუაზე დადისო. შენი სკანდალით უნებლიეთ მის წისქვილზე ხომ არ დაასხი წყალი?
- ამ დღეებში დამირეკა უამრავმა ადამიანმა, ისინი შეშფოთებულები არიან ამ ამბით. ეგ იძახის, რომანი 3 წლის წინ დავწერე და რაღა ახლა გაგახსენდათო? მომკალით, ასეთ მწერალს საერთოდ არ ვიცნობდი. მომკალით, ეს ჩემი "გაუნათლებლობის" ბრალია. ლევან ბერძენიშვილი გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკა... როგორც ვიცი, ამ ადამიანმა თავის დროზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პოეზია ეჭვქვეშ დააყენა, ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მის თვალში უწიგნურ კაცად გამოვჩნდე? ღმერთმანი, მე არ მშურს მისი წიგნიერების! რაც შეეხება ქარუმიძის ელჩობას, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, სვანეთში განსაკუთრებული რიდი ჰქონდათ ლამარიას მიმართ და ძალიან მიკვირს, ვინმე ქარუმიძე რატომ ეხება ამგვარ სიწმინდეებს? ამ ადამიანის ელჩად დანიშვნა ნიშნავს ხალხის ტკივილის გათელვას და აბუჩად აგდებას. როცა ადამიანი ლამარიას ეზოში ასეთ რამეს აღწერს, ეს არის სპეცდავალება.
სოსო, შემოგიტრიალდებიან და გეტყვიან, კონსტანტინეც სპეცდავალებას ასრულებდაო?
- ასეთი რიტუალი სვანეთში არ იყო!
ფაქტებს რა ვუყოთ?
- სვანეთი განთქმული იყო ხატწერით... გეუბნები, ასეთი რიტუალი არ იყო! დადეთ და შეადარეთ, როგორ აქვს დაწერილი კონსტანტინეს და როგორ აქვს ქარუმიძეს.
არა, ქარუმიძე უფრო მძიმე შემთხვევაა.
- ასე რომ გავყვეთ, ჩვენ ბევრ რაღაცას ამოვქექავთ, მაგრამ ყველაფერი ბინძური ხერხებით ხომ არ უნდა განვავითაროთ? ბიჭო, მე ვარ ციციკორე? გედია რომ გაცოცხლდებოდეს, სწორედ ამნაირ ბინძურებს შეებრძოლებოდა!