ანტიმონოპოლიური სამსახური არც 2011-ში აღდგება

ანტიმონოპოლიური სამსახური არც 2011-ში აღდგება

მთავრობამ ევროკავშირი „გადააგდო“. დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, როგორც ჩანს, არც წელს აღდგება. ყოველი შემთხვევისთვის მთავრობაში ცდილობენ ეს თემა მიივიწყონ. არადა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ევროპის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაა. ეს ის ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც ქართველ ბიზნესმენებს ევროპაში პროდუქტის ექსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერები უნდა გაუუქმდეთ.

 

მთავრობა ანტიმონოპოლიური სამსახური აუცილებლობას ვერ გრძნობს, თუმცა აღიარებს, რომ სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა ხშირად ხელოვნურად ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია არ არსებობს, მონოპოლიური კომპანიები კი მოსახლეობას ძარცვავენ.

 

პარლამენტარის გურამ ჩახვაძის განცხადებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელია, რათა მსხვილი ბიზნესი გაკონტროლდეს და ქვეყნის ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.

 

გურამ ჩახვაძის თქმით, ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა სჭირდება. ახალი კანონმდებლობა თითოეულ მოქალაქეს საშუალება მისცემს, თავისუფლად აწარმოოს თავისი ეკონომიკური საქმიანობა.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ სამსახურის ფუნქციებზე ევროკავშირის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობდა მუშაობა. ერთობლივი კანონპროექტი მთავრობას პარლამენტში ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიების დაწყებისთანავე უნდა შეეტანა, თუმცა მორიგი განმარტება ხელისუფლებიდან იყო ის, რომ გარკვეული საკითხების შეჯერება ვერ მოხდა, მაგრამ წლის ბოლომდე პარლამენტი ანტიმონოპოლიურ სამსახურს ფუნქციებს აუცილებლად განუსაზღვრავდა.

 

წლის ბოლოსთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კანონის მიუღებლობა ისევ ევროკავშირს დაბრალდა. კერძოდ, მიზეზად ხუროშვილმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა. მისი განმარტებით, რეფორმა ორ ეტაპად დაიგეგმა. ჯერ ამ სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა და ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად, უშუალოდ, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა.  მეორე ეტაპზე დაიგეგმა სამსახურის ფუნქციების გადახედვა.

 

ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტის შეფერხება ევროკავშირთან სტრატეგიის საბოლოოდ დამტკიცებას უკავშირდება და პარლამენტს საბოლოო კანონპროექტის სახით გაზაფხულზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ ცალკეულ მიმართულებებს სექტორებად გამოიკვლევენ და თუ სამსახური დაეჭვდა, რომ რომელიმე მიმართულებით რაიმე სახის მონოპოლიაა, სასამართლოს მიმართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

 

ექსპერტების განცხადებით, ფაქტობრივად, ახლადშექმნილ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ქვეყანაში გამეფებულ მონოპოლიებზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. რას ნიშნავს სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა ექსპერტებისთვის გაუგებარია.

 

გამოდის, რომ ანტიმონოპოლიური უწყება შეიქმნა, მაგრამ სანამ მისი ფუნქციები არ ჩამოყალიბდება, იგი ვერც იმუშავებს. ესე იგი, ახალი სამსახური კარგა ხანი უმოქმედოდ იქნება და დიდი შანსია იმისა, რომ გაისამდე საერთოდაც არც ამოქმედდეს.

 

ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, კარგია, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგა, ძალიან ცუდია, რომ მისი ფუნქციების განსაზღვრა იგვიანებს.

 

„ანტიმონოპოლიური სამსახურის ნაჩქარევად აღდგენა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიერ გამოთქმული კრიტიკის შესარბილებლად მოხდა“, - აღნიშნა ხადურმა.

 

ექსპერტთა განცხადებით, ანტიმონოპოლიურ სამსახურს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური ფუნქცია, მან უნდა დაიცვას ბაზარი არაკეთილსინდისიერი კომპანიებისგან.

 

„ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა აკონტროლოს ბაზარი და არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს“, - განაცხადა ხადურმა.

 

ექსპერტი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის უპირველესი ფუნქცია ბაზრის თვალყურის დევნება უნდა გახდეს. მან ანალიზი უნდა გააკეთოს ფასწარმოქმნის საკითხებზე.

 

„ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა არ უნდა დაუშვას მონოპოლიზმი და ფასების ხელოვნურად აწევა. იგი კეთილსინდისიერი კონკურენციის მხარდამჭერი უნდა გახდეს“, - ამბობს ავთო სილაგაძე.

 

ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციით, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ყველა დარგში შესაბამისი ზედამხედველობა უნდა მოახდინოს და თავისუფალი კონკურენცია დაიცვას. ამასთან, რეალურად მიიღოს გადაწყვეტილებები.

 

შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების ინიციატორი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო.  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ევროკავშირის მოთხოვნით, ერთი წლის წინ ამ სამსახურის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.