საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სომხეთში ვიზიტს და სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან შეხვედრას სომხური სააგენტოები უფრო პოლიტიკურ შეფასებებს აძლევენ. რა მოხდა სომხეთში და რა პრეტენზიები აქვს სომხეთს?
სომხური სააგენტო „დეფაქტო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარეგინ მეორემ უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში სომხური ეკლესიების მდგომარეობის გამო. თუ აქამდე ამგვარ პრეტენზიებს მხოლოდ არაოფიციალური პირები უცხადებდნენ საქართველოს, პრეტენზიული ტონი უკვე უმაღლეს რანგში ადის. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იქვე სცემს გარეგინ მეორის ბრალდებას პასუხს: „ მე მართლა არ ვიცი, რამდენი სომხური ეკლესიაა საქართველოში, მაგრამ დაწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზეა და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.“
სააგენტოები იქვე ავრცელებენ ცნობებს, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს 160 სომხური ეკლესია და აქედან ორ მესამედს კაპიტალური რემონტი ესაჭიროება. იქვე დასძენენ, რომ სომხეთში მოქმედებს ერთადერთი ქართული ეკლესია - კვირაცხოვლის, ერევნის მახლობლად, ნორაგავიტში. წერენ იმასაც, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, ეკლესია კარგ მდგომარეობაშიაო. მოკლედ, ისინი კარგად უვლიან ჩვენს ტაძრებს, ჩვენ კი ბარბაროსები ვართ.
საგულისხმო დეტალი: სომხები ირიბად აპროტესტებენ საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებულ კონკორდატს, მათი თქმით, ეს არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს კონფესიებს საქართველოში. ილია მეორეს იმის მტკიცებაც მოუწია, რომ საქართველოში სომხურ ეკლესიას არავინ ავიწროვებს. ალბათ, ამის მტკიცება დიდხანს მოუწევდა პატრიარქს, რომ არა საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ ერევა სომხური ეკლესიის საქმეებში და ვერ ვგრძნობთ ვერანაირ ზეწოლას საქართველოს ოფიციოზისგანო. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრ ეკლესიას სჭირდება რემონტი და რესტავრაცია.
მოკლედ, ბრალად გვედება ის, რომ საქართველოში სომხური ეკლესიები ცუდ მდგომარეობაშია. დააკვირდით საგულისხმო დეტალს - „საქართველოში მოქმედებს 160 სომხური ეკლესია.“ ქვეტექსტი ღიად ყვირის, ეს - მოქმედი, საერთოდ კი, ბევრად მეტი ეკლესიაა. ისევ და ისევ ვტრიალებთ ძველ დაპირისპირებაზე. სომხები ქართული კულტურის ძეგლებში გვედავებიან. ეს სამეცნიერო-ინფორმაციული ომი ქართული კულტურის ძეგლების წინააღმდეგ დიდი ხანია გააფთრებით მიმდინარეობს. ამჯერად გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ ტაძრებს გვედავებიან.
1995 წელს სომხური არქიტექტურის შესწავლის ორგანიზაციამ გამოსცა რუკა-მეგზური „სომხეთის ძეგლები საქართველოში“, სადაც მოკლე ინფორმაციებია 650 ძეგლზე.
სომხეთში გამოიცა „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და სომხური კულტურის ძეგლები“, სადაც ილია მეორის ლანძღვასთან ერთად თავმოყრილია ბრალდებები და საქართველო გამოყვანილია, როგორც სომხური ცივილიზაციის გამანადგურებელი.
ბრალდებების პიკი რუსულ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაშია, სადაც ქართული კულტურის ძეგლები მოხსენიებულია სომხურად. სხვათა შორის, მაშინ სკანდალის საგანი ისიც იყო, რომ ქართველი მეცნიერების სტატიები დაამახინჯეს, ავტორებთან შეუთანხმებლად.
სომხეთის ოფიციოზი, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ემიჯნება ხოლმე „მეცნიერთა მოსაზრებებს.“ ახლა კი იგივე ბრალდება ისმის უმაღლეს დონეზე.
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში არ უარყოფენ, რომ რამდენიმე სომხური ეკლესია მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ უარეს მდგომარეობაშია ქართული კულტურის ძეგლები - აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარე კახა ტრაპაიძე. სომხური ძეგლებიდან მძიმე მდგომარეობაშია თბილისში მდებარე მოღნისი და სუბნიშანი. როგორც ტრაპაიძე ამბობს, მას მოლაპარაკება ჰქონდა სომხეთის ძეგლთა დაცვასთან, იმის თაობაზე, რომ ერთად ეზრუნათ მოღნისის აღდგენაზე. როგორც ჩანს, მოლაპარაკება მოლაპარაკებად დარჩა. მოღნისის ტაძარი ჯერ კიდევ 1991 წლის მიწისძვრამ დააზარალა და ბოლო მიწისძვრებმაც არ დააკლო ხელი.
როგორც ძეგლთა დაცვაში აცხადებენ, სომხურ ეკლესიებს საქართველოში თვითონ სომხებიც არ უფრთხილდებიან. ტაბაწყურში სომხურ ეკლესიაში იქაურ სომხურ მოსახლეობას (ტაბაწყური კომპაქტურად არის დასახლებული სომხებით) მოწყობილი აქვთ ნავთობპროდუქტების საწყობი და იქვე ყიდიან ნავთსა და ბენზინს. მიუხედავად რამდენიმე გაფრთხილებისა, ასეა დღემდე.
მეტიც, არსებობს ფაქტები, როდესაც სწორედ სომხები ანადგურებენ ქართული კულტურის ძეგლებს. როგორც ძეგლთა დაცვაში აცხადებენ, ახალქალაქის რაიონში, მერენიას მიდამოებში არსებობდა მე-14 საუკუნის ძეგლი, რომლის ნანგრევებზეც 4-5 წლის წინ ააშენეს სომხური ეკლესია და გამოიყენეს ძველი ქვებიც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სომხურ წარწერებს აკეთებენ მე-10 საუკუნის ქართულ ტაძრებზეც კი. როგორც ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი განმარტავს, ხანდახან პირიქითაც ხდება. მაგალითად, თელეთში წმინდა გიორგის ეკლესიაში გაუფუჭებიათ სომხური წარწერა, მაგრამ ეს ცალკეული პირების უღირსობის გამოვლინებაა მხოლოდ და არა სახელმწიფო პოლიტიკის. იგივეს თავადაც აკეთებენ - ასე წაშალეს კაზრეთში მართლმადიდებლური ფრესკები.
საქართველოში ბევრი ეკლესია მართლაც სადავოა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მე-18 საუკუნეში ქართველებმა დაიწყეს ტაძრების მიყიდვა სომხებისთვის. გაყიდვა იკრძალებოდა, მაშინდელმა ქართველებმა და სომხებმა მაინც მოძებნეს გზები და ამგვარად გადავიდა ტაძრები სომხების ხელში. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა ქართული ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობდნენ სომეხი კალატოზებიც. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის ტაძრები სომხურია.
დიმიტრი თუმანიშვილი: „ძირითადად, მათ აწუხებთ ის ფაქტი, რომ ქართული მრევლი შედის მათ ეკლესიებში, ისევე როგორც თვითონ შედიოდნენ ქართულ ტაძრებში. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა - ტაძრის ერთი კონფესიიდან მეორის ხელში გადასვლა.“
თუმანიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული სომხური ეკლესიები, ძირითადად, მე-18-19 საუკუნეებისაა და მათი მხატვრული დონე საშუალოა. ისეთი შედევრები, როგორიც მათ სომხეთში აქვთ, საქართველოში არ გააჩნიათ. რამდენიმე ტაძარია მხოლოდ მე-13 საუკუნის და იქაც ანალოგიური მდგომარეობაა.
სომეხი ავტორები აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთში არსებული ეკლესიები უკლებლივ ყველა სომხური არქიტექტურის კუთვნილებაა. სომხები ახალქალაქში ჩამოსახლდნენ 1830 წელს და მხოლოდ მას შემდეგ აშენებული ეკლესიებია სომხური. ეს ტაძრები საკმაოდ განსხვავებულია იქ არსებული ქართული არქიტექტურული ძეგლებისაგან.
დავა წლების მანძილზე მიდის, ქართულმა მხარემ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის დარეგულირება.
კახა ტრაპაიძე: „შარშან საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით მივწერეთ სომეხ კოლეგებს, რომ ჩაგვეტარებინა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ქართულ-სომხური კულტურის ძეგლების შესახებ და დავის ნაცვლად მეცნიერულად გვემსჯელა ამ საკითხებზე. ეს კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, სომეხი კოლეგები არ ჩამოვიდნენ. ერთი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი, რომელსაც დავათვალიერებინეთ სომხური კულტურის ძეგლები და ერევანში რომ ჩავიდა, საკმაოდ კარგი განცხადებები გააკეთა სომხური ძეგლების მდგომარეობის შესახებ.“
ის კი ჩავიდა და თქვა, რომ ძეგლები კარგ მდგომარეობაშიაო, მაგრამ როგორც ჩანს, სომხური მხარის პრეტენზიები არ ცხრება.
სკანდალურია თავად გარეგინ მეორის ზოგადი ინტერმეცოც: „სომხებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, მთელი ისტორიის განმავლობაში,,,“ ერევანში არავის გახსენებია ის ფაქტი, რომ ანისი დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა დამპყრობლებისაგან.
ქართულ მხარეს არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მეცნიერულად დასაბუთებული პოლემიკა აწარმოოს, მიაწოდოს მსოფლიოს რეალური ცნობები. საქართველომ ინფორმაციული ომი უკვე წააგო აფხაზებთან, სომხებთან წლების მანძილზე ვაგებთ. არადა, საქართველოს სხვა გზა არა აქვს, უნდა ებრძოლოს ისევ და ისევ არგუმენტებით, მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების ინტერნეტში გავრცელებით. ამას ფული სჭირდება. ფულის გარდა კი - სახელმწიფოს გამოკვეთილი პოლიტიკა.
კიდევ ერთი ფაქტი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ვაწარმოებთ ამ ინფორმაციულ ომს.
როდესაც „ალიას“ მთელი რიგი კითხვები ჰქონდა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისადმი, დეპარტამენტის თავმჯდომარემ გამოავლინა კეთილი ნება და განაცხადა, რომ „ალიას“ გადმოსცემდა დოკუმენტს, რომელიც მათ შარშან გაუგზავნეს სომხურ მხარეს.
შარშან ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით ოფიციალურ სომხეთს გაუგზავნა წერილი, რომელსაც თან ახლდა ქართველი მეცნიერების დასკვნა, სადაც ისინი მეცნიერულად პასუხობდნენ სომეხი ავტორების ბრალდებებს. დასკვნის ავტორი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი იყო, დასკვნას ხელს აწერდა ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი.
შეპირებისამებრ, „ალიამ“ მეორე დღეს მიაკითხა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ დასკვნის ასლი დეპარტამენტმა ვერ მოიძია, მივაკითხეთ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს, დასკვნა არც იქ აღმოჩნდა. როგორ მოგწონთ? თუმანიშვილის დასკვნა აორთქლდა. ახლა მითხარით ერთი, ასლი ვერ შეგვინახავს, ვერ დაგვიცავს და ჩვენ მოვიგებთ ამხელა საინფორმაციო ომს?