ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აიძულებს

ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აიძულებს

ევროინტეგრაცია მსხვერპლს მოითხოვს. ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ უბიძგებს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ევგენი გოლოვახამ აღნიშნა.

„თუ ევროკავშირში გავწევრიანდებით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი დადგება. უკრაინელები ასეთ საკითხებს უკვე მშვიდად უყურებენ“, –აღნიშნა გოლოვოხამ.

მისი პროგნოზით, 2020 წლისთვის სექსუალურ უმცირესობათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დასავლეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პოლიტიკოსები, არცთუ იშვიათი მოვლენაა. საუბარია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსებზე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილნი თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით გახდნენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე დიდი ხანია, არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას. ის, რომ ჰომოსექსუალია გიდომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიაზრა. თუმცა, ოფიციალურად 2004 წელს გამოაცხადა, რომ „ცისფერია“.

ჰომოსექსუალების მიმართ გერმანელების დამოკიდებულების შესწავლის შემდეგ, გიდო მივიდა დასკვნამდე, რომ მისი ორიენტაცია ხელს არ შეუშლიდა პოლიტიკაში წარმატებისთვის მიეღწია. ჰოდა, ანგელა მერკელის დაბადების დღის საზეიმო მიღებაზე იგი თავის საყვარელთან – ბიზნესმენ მიხაელ მრონცესთან ერთად გამოცხადდა.

2010 წლის ზაფხულში კი, ვესტერველემ და მრონცემ თავიანთ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანონმდებლობით ერთსქესიანი ქორწინება აკრძალულია, თუმცა გეი-წყვილებს უფლება აქვთ თავიანთ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცენ.

გერმანიაში გეი-პოლიტიკოსები, უცხო ხილი აღარაა და, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ბერლინის ამჟამინდელი მერი – კლაუს ვოვერაიტი დაუფარავად აცხადებს თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ, ის კი არადა, თავისი საარჩევნო კამპანია, სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდაზე ააგო. საარჩევნო სლოგანში ვოვერაიტს ეწერა – „დიახ, მე ჰომოსექსუალი ვარ და ეს ძალიან კარგია“.

საინტერესოა, რომ ვოვერაიტის კონკურენტი მერის არჩევნებზე, საკუთარ თავს 100-პროცენტიან ჰეტეროსექსუალს უწოდებდა და ბერლინელებს მოუწოდებდა არჩევანი გაეკეთებინათ ნამდვილ მამაკაცსა და გეის შორის. თუმცა, ვოვერაიტმა მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა.

ერთხანს ვოვერაიტი ანგელა მერკელის პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი ოპონენტი იყო და პერიოდულად გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვოვერაიტი მერკელის ღირსეული შემცვლელი იქნება კანცლერის თანამდებობაზეო. ვოვერაიტის, როგორც მერის დამსახურებად მიიჩნევენ ბერლინის კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარებას. იგი ოფიციალურად ცხოვრობს თავის პარტნიორთან ცნობილ ნეიროქირურგთან – იორნ კუბიცკისთან.

პარიზის მერი – ბერტრან დელანოე, ბერლინელი კოლეგის მსგავსად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. ჯერ კიდევ 1998 წელს დელანოემ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „ცისფერია“ და ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, 2001 წელს პარიზის მერი გამხდარიყო.

ყოველწლიურად დელანოე მონაწილეობას იღებს გეი-აღლუმებში და ასევე, აქტიურად იბრძვის ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის. ბერტრან დელანოეს ყველაზე ცნობილი ფრაზა მის სექსუალურ ორიენტაციას ეხება – „მე არ ვარ გეი-პოლიტიკოსი, მე ვარ უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც პლუს გეია“.

გერმანიის მსგავსად, საფრანგეთშიც ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტროს სათავეში ჰომოსექსუალია. საფრანგეთის კულტურის მინისტრ ფრედერიკ მიტერანს საჯაროდ აქვს დაფიქსირებული რომ „ცისფერია“. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ის დეტალურად აღწერს, რომ ტაილანდში ცხოვრების პერიოდში მას ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდასთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. გამინისტრებამდე კი, მიტერანი ჰომოსექსუალებისთვის განკუთვნილ ფრანგულ ტელეარხ „ფინქ ტევეზე“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი გახლდათ.

ევროპულ დედაქალაქებში ჰომოსექსუალ მერთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს მერი – ერლინგ ლაეც გეია და ამას არც მალავს. სხვადასხვა დროს ლაე ნორვეგიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ვესტფოლის გუბერნატორი იყო. სახელი კი, მას შემდეგ გაითქვა, რაც ლიტვაში, ოფიციალური ვიზიტის დროს, თან იახლა თავისი მეუღლე – ჰომოსექსუალი, იენს ოლსენი.

ვიზიტი სკანდალურ სახეს ატარებდა, რადგან ამ ქმედებით, ლაე აპროტესტებდა ვილნიუსის მერის განკარგულებას, ქალაქში გეი-აღლუმის ჩატარების აკრძალვის საკითხზე. სწორედ ვილნიუსის მერთან შეხვედრაზე გამოცხადდა მეუღლესთან ერთად ერლინგ ლაე.

ერთსქესიანი ქორწინების პრეცენდენტი დიდი ბრიტანეთის სამეფოშიც დაფიქსირდა. ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში – კრის ბრაიანტმა, პირველად ინგლისის ისტორიაში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში ოფიციალური ქორწინება გააფორმა თავის დიდი ხნის საყვარელთან. ხელის მოწერის ცერემონია ვესტმინსტერის სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული პოლიტიკური ისთებლიშმენტის წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკაში წასვლამდე კრის ბრაიანტი ინგლისურ ეკლესიაში მღვდელმსახურობდა, ხოლო ამჟამად იგი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებს, მათ შორის საქართველოსთანაც.

ერთი შეხედვით, ცივ ისლანდიაში, პრემიერ-მინისტრმა იოჰანა სიგურდარდოტირმა მიიღო კანონი ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზებაზე. შემდეგ კი პირველმა გამოიყენა კანონიერი უფლება და თავის დიდი ხნის საყვარელზე, მწერალზე იონინა ლეოსდოტირზე იქორწინა. თავის დროზე იოჰანა ისლანდიის უპირველეს ლესბოსელად ითვლებოდა და ღიად აფიქსირებდა თავის არატრადიციულ ორიენტაციას. აღსანიშნავია, რომ იოჰანა სიგურდარდოტირი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირველი ევროპელი პრემიერ-მინისტრია.

რაც შეეხება ამერიკას, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰომოსექსუალების ქორწინების მთელი ქვეყნის მაშტაბით დაკანონებას გარდაუვალად მიიჩნევს. „მე ვფიქრობ რომ ქვეყანა, თავის დამოკიდებულებას ცვლის“,- განუცხადა ბაიდენმა „ესოშეიტედ პრესს“. ბაიდენმა აღნიშნა, ის ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებებს ელოდება.

ამჟამად ერთსქესიანი ქორწინება აშშ-ს მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია ნებადართული. თუმცა არიან აქტიური მოწინააღმდეგეებიც. მაგალითად თავის დროზე ჯონ მაკკეინის საარჩევნო მოწინააღმდეგემ ერთსქესიანი ქორწინება ზოოფილიას შეადარა.

რესპუბლიკელმა ჯეი-დი ჰეიუორტმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შტატში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია მომავალში ადამიანებისა და ცხენების ქორწინებამდე მიგვიყვანს.

ეს დასკვნა მან მასაჩუსეტსის შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ქორწინება განსაზღვრა, როგორც „მჭიდრო კავშირის დამყარება“. ჰეიუორტის თქმით, ამ გადაწყვეტილების თანახმად, ნებისმიერ ფსიქიკაშერყეულ ადამიანს შეუძლია „მჭიდრო კავშირი დაამყაროს“ საკუთარ ცხენთანაც...

საკუთარი განცხადების კომენტირებისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა მოითხოვა, რომ ფედერალურ დონეზე მკაცრად მოხდეს ქორწინების სტატუსის განსაზღვრა, რომელიც გულისხმობს „ორი ადამიანის ნებაყოფლობით კავშირს მეუღლეების სტატუსით“.

ზემოხსენებული აურზაური ჰეიუორტმა ჯონ მაკკეინის მეუღლისა და ქალიშვილის განცხადების ფონზე ატეხა. სინდი და მეგან მაკკეინები ცოტა ხნით ადრე შეუერთდნენ კამპანიას, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების დაცვით არის დაკავებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯონ მაკკეინის პრესსამსახურმა მაშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი „პატივს სცემს თავისი ოჯახის წევრთა აზრის გამოხატვის უფლებას, თუმცა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგი რჩება“.

სამხრეთ ამერიკაში კი არგენტინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას ლეგალურის ხდის. სენატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ სამი ხმის უპირატესობით, გააფთრებული დებატების შემდეგ დაამტკიცა. მანამდე კანონპროექტს მხარი ქვეყნის ქვედა პალატამ დაუჭირა. არგენტინა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო. ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების მხარდაჭერით გამოვიდნენ მემერცხენეცენტრისტული მთავრობა და არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი.

როგორც ჩანს, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით კიეველი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება გარდაუვალი პროცესია.