„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მუშაობას შეაჩერებს, ამიტომ ახლა ოპოზიციის, ხელისუფლებისა და „ხალხის ძალის“ კაამათი და ჩხუბი შეიძლება უსაფუძვლოც იყოს.
„მგონია, „ქართული ოცნება“ თავის შეცდომაშია გაჯიუტებული, ახლა კანონი უკან რომ გაიწვიოს, ჩათვლის, რომ თითქოს ოპოზიციის ნათქვამზე წავიდა, სწორედ ამიტომ გაგზავნეს ვენეციის კომისიაში ეს კანონი, რადგან იქედან მოსულ დასკვნაზე თქვან, რომ ვენეციის კომისიამაც თქვა, არ მიიღოთო და მერე გაიწვევენ. ამიტომ მგონია, რომ ახლა, თითქმის არაფერზე ვჩხუბობთ“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.