გიორგი ვოლსკი: გამჭვირვალობა, მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებში, არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას კი არანაირი კანონი არ სჭირდება, რათა რეპრესია გაატაროს

გიორგი ვოლსკი: გამჭვირვალობა, მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებში, არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას კი არანაირი კანონი არ სჭირდება, რათა რეპრესია გაატაროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას კი არანაირი კანონი არ სჭირდება იმისთვის, რათა რეპრესია გაატაროს.

„ითქვა, რომ თუკი ევროპა იტყვის, ცალ ფეხზეც უნდა დადგე და რამდენ ხანსაც გეტყვიან, იმდენ ხანსაც უნდა იდგე ცალ ფეხზე და მეორე, რომ ეს კანონპროექტი, თუკი კანონად იქცა შეიძლება გამოიყენო ისე, როგორც რუსეთის ფედერაციაში იყენებენ. რასაკვირველია, ორივე თემას აქვს ლოგიკური პასუხი. გამჭვირვალობა, მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებში, არ უნდა წარმოადგენდეს და არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთის ფედერაციას არანაირი კანონი არ სჭირდება იმისთვის, რათა რეპრესია გაატაროს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.