მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის ყოველდღიური - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„27 ქვეყნის მთავრობამ წაიკითხა და გაიგეს, რომ ეს კანონი რუსულია. ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა წაიკითხა და გაიგო, რომ კანონი რუსულია. ქვეყნის შიგნითაც იმავე აზრზე ვართ. თუ ასე არ არის, ისე გამოდის, რომ სოზარ სუბარია თვით ობიექტურობა, ხოლო სიმართლის საზომია ხუნდაძე. იქცევიან ისე, როგორც პუტინის რუსეთში, როცა რაიმეს პროპაგანდირება უნდათ. მათზე შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ, რომ „კრემლმა განაცხადა“ და ჩვენ კრემლის არ გვჯერა. როგორც კი მოახლოვდა ევროკავშირის წევრობის სტატუსის საკითხი, მაშინვე დაიწყეს რუსული კანონის განხილვა.
ხალხს უნდა ევროპა და ეს მათი ისტორიული არჩევანია, თუმცა ჩვენი მთავრობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც ამის საპირისპიროდ მიდიან. დაიხევენ თუ არა უკან? ჩემი წარმოდგენით, ასე არ მოხდება, რადგან რასაც მათ დასავლეთი და ევროპა ეუბნება, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის, ყოველდღიური. ქვეყნის გარედან ყველაფერი ნათქვამია. მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით საქართველოს რუსეთიზაცია არ დავუშვათ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.