ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩინეთის სამშვიდობო შეთანხმებაში არის დადებითი პუნქტები, მაგრამ ასევე არის ისეთი რამ, რასაც არც მე და არც მსოფლიო არ ეთანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩინეთის სამშვიდობო შეთანხმებაში არის დადებითი პუნქტები, მაგრამ ასევე არის ისეთი რამ, რასაც არც მე და არც მსოფლიო არ ეთანხმება

ჩინეთის სამშვიდობო შეთანხმებაში არის დადებითი პუნქტები, მაგრამ ასევე არის ისეთი რამ, რასაც არც მე და არც მსოფლიო არ ეთანხმება, - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალური პეკინის მიერ უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით გამოქვეყნებული 12-პუნქტიანი გეგმა.

ზელენსკის თქმით, საერთო ჯამში, ის ფაქტი, რომ ჩინეთის გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო ტერიტორიული სამართლის პატივისცემას, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანასთან მუშაობა გაგრძელდეს.

„ჩინეთი პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია დატოვოს. არ შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა ან ბირთვულ ელექტროსადგურზე შეჭრა - რთულია, ამ თეზისებს არ დაეთანხმო. თუ ჩინეთი ეთანხმება იმას, რომ აუცილებელია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება, შესაბამისად, პეკინი მხარს უჭერს უკრაინის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრა სურს.

„ეს წაადგება ჩვენს სახელმწიფოებსა და მსოფლიო უსაფრთხოებას. ჩინეთთან დიდი ტვირთბრუნვა გვაქვს, დაინტერესებულები ვართ ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებაში“, - აღნიშნავს ზელენსკი.

ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.