24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავია და ეს არის ყველაზე დიდი უცნაურობა, რადგან არც მტერი და არც მოყვარე არ ელოდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაუწევდა მომხდურს წინააღმდეგობას. ამას არ ელოდა არც რუსული პროპაგანდა, რომელიც ფიქრობდა, რომ კიევს სამ დღეში აიღებდა, უკრაინელთა ასეთ სტოიციზმს არ ელოდნენ დასავლეთშიც და ეჭვობდნენ, რომ ხანგრძლივად ვერ შეძლებდა უკრაინა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
უკრაინელთა უპრეცედენტო კონსოლიდაციამ ეს შეძლო და კიევში შეჭრამ სტალინგრადის ბრძოლების ფურცლები გააცოცხლა, როცა ფაშისტებს თითოეული უბნის, თითოეული სახლის დაკავება დიდ ძალისხმევად დაუჯდათ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამაყობს, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება და ეს ტრილოგია არ არის, რადგან უკრაინამ უნდა ააცილოს მესამე მსოფლიო ომი სამყაროს, მაგრამ რამდენად სწორია მეხამრიდად ყოფნა მესამე მსოფლიო ომის არიდების საქმეში? შეიძლებოდა თუ არა პროცესების სხვაგვარად წარმართვა უკრაინელთა კოლოსალური მსხვერპლის გარეშე? რატომ ვერ შეძლო ცივილიზებულმა სამყარომ ამ ომის აცილება?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არასწორია ზელენსკის მიდგომა, მესამე მსოფლიო ომი ააცილოს სამყაროს საკუთარი ქვეყნის განადგურების ხარჯზე.
„ამას ვინმე დაიჯერებს, რომ ზელენსკი იბრძვის მსოფლიო დემოკრატიისთვის საკუთარი ერის, ქვეყნის და უკრაინელი ხალხის გვამების ხარჯზე? შენი სამშობლო თუ არ გიყვარს და მისი კეთილდღეობა არ გადარდებს, დანარჩენი მსოფლიო როგორ შეიძლება გადარდებდეს? გამოდის, აქ აბსოლუტურად სხვა ინტერესები მოქმედებს, როცა შენ იბრძვი იმისთვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ კარგად იცხოვროს. ოჯახის მდგომარეობა წარმოვიდგინოთ, ჩემი ოჯახის წევრები თურმე უნდა დავხოცო იმისთვის, რომ ვიღაც გადამთიელის ოჯახმა კარგად იცხოვროს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე და მიიჩნევს, რომ, სინამდვილეში, ამ ომის უკან პირდაპირი მნიშვნელობით პირადი ინტერესები იმალება, რომელშიც ზელენსკისაც აქვს თავისი ინტერესი და მათაც, ვინც ზელენსკის მარიონეტად იყენებს.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ამ ომმა გამოიწვია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, გაეროს მონაცემებით, საუბარია 19 ათას მშვიდობიან მოქალაქეზე, რომელიც დაიღუპა, ასევე, განადგურდა უკრაინული ქალაქების ინფრასტრუქტურა. ჯერ კიდევ ომი გრძელდება და, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩინეთსა და ინდოეთთან ვაჭრობის შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში ენერგეტიკული რესურსების ექსპორტის შედეგად რუსეთმა შეძლო, შედარებით უმტკივნეულოდ აეცილებინა სანქციები. ასე რომ, რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა ფინანსური რესურსი, რასაც წარმართავს ამ ომისთვის.
რაც შეეხება დადებითს, თუკი შეიძლება ომთან დაკავშირებით დადებითზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, ნიკა ჩიტაძე დასავლეთის კონსოლიდაციაზე ამახვილებს ყურადღებას. თუკი არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ნატოს ფარგლებში, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში რუსეთთან მიმართებით, თუკი იყვნენ რუსეთის მიმართ ლოიალურად და რადიკალურად (უფრო ზუსტად კი, რეალისტურად) განწყობილი ქვეყნები, დღეს ეს ქვეყნები უფრო შეკავშირდნენ. მოხდა ნატოსა და ევროკავშირის კონსოლიდაცია, ანუ მთლიანობაში დასავლური დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაცია. მეორე დადებითი ფაქტორი ის არის, რომ მოხდა უკრაინელი ერის კონსოლიდაცია, რადგან ჯერ კიდევ 2014 წლის ომამდე ყირიმში უკრაინის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მხარს უჭერდა რუსეთთან უფრო მეტ ინტეგრაციას.
„2014 წლის ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა პრორუსულად განწყობილთა რიცხვი, დღეს უკრაინაში თითქმის არავინ დარჩა, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ რეგიონებს, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალობას გამოხატავს. გარდა ამისა, ამ ომმა გამოაჩინა რუსეთის არმიის სისუსტე, საუბარი იყო რუსეთის არმიის უძლეველობაზე, თუმცა 2023 წლის 31 იანვრის მონაცემებით, რუსეთმა 127 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა ომში, 3 ათას ერთეულზე მეტი ტანკი და 6 ათას ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.
ასეთი დამაიდებელი მონაცემების მიუხედავად, ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ ომი ფინალისკენ მიდის, ჯერ კიდევ დიდი ტერიტორია რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ, რომელიც გასათავისუფლებელია და, სამწუხაროდ, სანქციებსაც ეტაპობრივად მოაქვს შედეგი.
„ჯერ ვერც იმას ვიტყვით, ვინ მოიგებს. საბოლოო ჯამში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩვენი სურვილია, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ძალიან დიდი ტერიტორიაა გასათავისუფლებელი, ხუთი საქართველოსხელა ტერიტორია“,-აღნიშნავს ანალიტიკოსი.
კონსოლიდაცია ჰქვია როცა 13 მილიონამდე ქვეყნიდან გაქცეული ჰყავს და სასწრაფო მანქანებით დასდევს სპეცრაზმი ახალგაზრდებს ომში სასაკლაოზე წასაყვანად?
კონსოლიდაცია მოხდა რუსეთში, როცა პრეზიდენტი გახდა შემაკავებელი დასავლური გეი ცივილიზაციის განადგურების შემაკავებელი. ნებისმიერი მთავრობის წევრი პუტინზე უარესია დასავლეთისთვის. მითუმეტეს - არამთავრობის წევრი.