გუშინ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 19.32 საათზე გაჩენილი ხანძარი მეხანძრეებმა სამ წუთში ჩააქრეს.
ამ დროს ოპერაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.
მას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაც ესწრებოდნენ.
ედუარდ შევარდნაძე ხანძრის გაჩენის მომენტში სცენაზე იმყოფებოდა.
თბილისის სახანძრო სამსახურის სამორიგეო ნაწილის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ მახარაძის თქმით, ცეცხლი პროჟექტორის ტრანსფორმატორს მოედო, რომელმაც ძაბვას ვერ გაუძლო.
მის ჩაქრობაში 21 მანქანა მონაწილეობდა.
ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა.