ოდესმე მემატიანე ნაციონალური მიღწევების გრძელი ნუსხიდან ცალკე გამოყოფს შადრევან პირველის მოგზაურობებსა და საჯარო გამოსვლებს. ასე გაბედულად მის მეტსახელს იმიტომ ვხმარობ, რომ თავად განაცხადა: - სულაც არ მწყინს, შადრევან პირველს რომ მეძახიანო!
მისთვის რომ პირველობაა მთავარი, ეს კარგად არის ცნობილი. არც ის დაუმალავს, რომ შადრევნების თემა უკვე ამოწურა და მსხვილ არქიტექტურულ ფორმებსა და შოუ-ბიზნესის განვითარებას მიჰყო ხელი.
ბათუმის კულტურის ცენტრი ვადამდე რომ გაეხსნა, როგორც ჟურნალისტები წერენ, მუშებსა და ინჟინრებს დამუქრებია: „თუ დროზე არ ჩამაბარებთ, თქვენ ყველანი ქეთოები იქნებით, მე კი – კოტეო“! რაკი თქვა, ჩანს, ამ საქმეშიც პირველობას აპირებს, ისევე, როგორც ზუგდიდელი გიგი მანია, რომელმაც საქართველოში პირველმა გარისკა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება მოითხოვა. გიგის 23 წლის მეგობარი ვაჟი ჰყოლია, რომელთანაც დაქორწინება სურს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას არ აძლევს. მანია აცხადებს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და, თუ საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისწრაფვის, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები უნდა იყოს. სააკაშვილის აზრი ამ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია. არც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ ამ თემაზე, რადგან, თუ სიმართლეს იტყვიან, ოკეანის გაღმა ვერ გაუგებენ, ხოლო თუ იცრუებენ – ქართველი ამომრჩეველი ძალიან სწორად გაიგებს ყველაფერს და მაშინ არჩევნებზე არც უნდა იოცნებონ.
წინა ფარენგეიტის სტატიას „საქართველოში ჰეტერო მამაკაცებს ეგეთები უტყდებათ“ ისევ გამოეხმაურნენ ინტერნეტში ისინი, ვისაც „არ უტყდებათ“ (აკი ვწერდი, აიჯაგრებიან-მეთქი!) და აზრის გამოხატვა დამიწუნეს: „უკაცრავად და „ჯანმრთელი ახალგაზრდები“ განმიმარტეთ, რას ნიშნავს. თუ თქვენ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ჰომოსექსუალობა რომ დაავადება ჰგონია? ეგ გულიდან ამოსული სიმართლე კი არა, ბოღმა, ზიზღი და ბოროტებაა. ქალბატონი ნანა დევდარიანისგან კი ნამდვილად გასაკვირია მსგავსი სტატია, ქალისგან, რომელსაც სახალხო დამცველის თანამდებობა ეკავა“.
„ყოველთვის იარსებებს ხალხი, თავთავიანთი „ერის გადარჩენის“ გენიალური კონცეფციებით, თუმცა ეგ ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ სახალხო დამცველის (თუნდაც ყოფილის) მხრიდან ასეთი, არ მომერიდება და ვიტყვი, (ცენსორედ) გამოვლენა უპასუხოდ ნამდვილად არ უნდა რჩებოდეს წესიერ ქვეყანაში“.
„ეგენი კი არა, ჩვენ ვართ უმცირესობაში!“ „საქართველო გადაგვარების გზაზეა!“ - ცოტა ხო არ დაგიძველდათ? ბოლო ოცი წლის მანძილზე მაგას გაიძახით ყველა და ხელს არ ანძრევთ, რომ რეალურად რამე გააკეთოთ. კი, ქალბატონო ნანა, სიძულვილი ძალიან ცუდია და თქვენ და თქვენნაირი „არაჩვეულებრივი“ ბატონები და ქალბატონები სწორედ მას ავრცელებთ!“
ყოფილი სახალხო დამცველი გიპასუხებთ: თქვენგან განსხვავებით, არც მძულხართ, არც მეზიზღებით. სტატიის პოსტსკრიპტუმიც რომ წაგეკითხათ, მიხვდებოდით, რომ უმცირესობის წარმომადგენელიც შეიძლება იყოს არატოლერანტული. ჩვენში კი სწორედ აგრესიული უმცირესობა მართავს ქვეყანას უმრავლესობის სახელით და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში სიძულვილი გაამეფეს. არც ის არის უცნაური, რომ მორწმუნეებს უკრძალავენ იმის კრიტიკას, რასაც თავად სარწმუნოება უმძიმეს ცოდვად აღიარებს, თუმცა იქ, სადაც მიტროპოლიტი პრეზიდენტს ლექსად ასხამს ხოტბას, გასაკვირი მართლაც აღარაფერია.
მეუფე კალისტრატეს მიერ სააკაშვილისადმი მიძღვნილმა ლექსმა საერო პოეტების მიერ სტალინისადმი მიძღვნილ პოეზიასაც კი შორს გაუსწრო, იმ სტალინის, რომლის ძეგლი გორში სააკაშვილმა დაამარცხა. სწორედ რომ „პირველად ისტორიაში“ მაღალი სასულიერო იერარქი ქვეყნის საერო ლიდერს არა მარტო ოსანას უმღერის, არამედ სისხლისღვრისკენაც მოუწოდებს: საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იანვრის მზიანი დღეებისხივებით გვაწვდიან ნიშანს, ალბათ, საქართველო განახლდება თქვენი გამარჯვებით, „მიშა.ალბათ... თქვენ გელოდათ ბაგრატი... ნაშალი კედლები მისი,თქვენი გამარჯვებით ტაძარიც აღდგება... ქვეყანაც... აღდგება, ვიცი.დიდი დავითის, აღმაშენებლის საფლავზე დადეთ ფიცი,რწმენით ააშენე, რასაც ააშენებ, შენ საქართველო გიცდის. იღვინე ერისთვის, ქვეყნისთვის აენთე, დაგჭირდეს? დაღვარე სისხლიც! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და ვისთან დადე ფიცი!“
პოეზიის ამ ნიმუშზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან გულის სიღრმეში მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მეუფე კალისტრატე თავად უარყოფს ამ ლექსის ავტორობას. მიხეილ ბულგაკოვის რომანში „ოსტატი და მარგარიტა“ ვოლანდი ათეისტ ბერლიოზს ეუბნება, რომ მოუსვენარმა მოხუცმა იმანუილ კანტმა გააცამტვერა ღმერთის არსებობის 5 მტკიცებულება, ხოლო შემდეგ, ბედის ირონიით, საკუთარი, მეექვსე მტკიცებულება შექმნა. სხვათა შორის, ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან მებრძოლებს შევახსენებ, რომ კანტი ცოტა არ იყოს და იუდოფობი გახლდათ, რასაც სულ არ შეუშლია ხელი სააკაშვილისთვის კრინიცაში მისი ციტატები მოეყვანა და „კანტი მართალი იყოო“, ეძახა.
კრინიცის ეკონომიკურ ფორუმზე ახალგაზრდა ლიდერების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა: „კანტი გულისხმობდა იმას, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის, როგორ მართო და როგორ მოიქცე თავისუფლების პირობებში. ამის სწავლა მხოლოდ საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობის საფუძველზეა შესაძლებელი. კანტი ასევე მიიჩნევდა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას მოაქვს გაურკვევლობა და რისკი, მაგრამ ასეთი რისკი უნდა უგულებელყო, თუ გსურს საკუთარ ცხოვრებასა და შენი ქვეყნის ბედისწერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულო. კანტი მართალი იყო“.
აქ სააკაშვილი თავად აღიარებს, რომ „ცდებისა და შეცდომების“ გზით მართავს ქვეყანას. ერთი სიტყვით, იგი იმ დამწყებ მძღოლს ჰგავს, რომელიც ხალხით სავსე ავტობუსზე სწავლობს მანქანის მართვას. არ გეგონოთ, ვაჭარბებ, - იმავე გამოსვლაში მან განმარტა: „როგორც თქვენმა უმეტესობამ იცის, შვიდი წლის წინათ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. ახლართული ბიუროკრატია საბჭოური მემკვიდრეობითა და კორუფციით შეზღუდულ საზოგადოებაში წარმოშობილ ყველა ინიციატივას ასამარებდა. შესაძლოა, ისიც იცოდეთ, რომ მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც სათავეში მე ვედექი. საქართველოში ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ყველაფერი, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ. ვინ ვიყავით ჩვენ ამ დროს? – არავინ, სტუდენტური ორგანიზაციებიდან მოსული ახალგაზრდების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების გარდა“.
ეს „არავინ“ ქვეყანას თითქმის რვა წელია, მართავენ. კანტის არ იყოს, სააკაშვილიც მართალია, როცა ამბობს: „იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოდის, გაოცებული რჩება ჩვენი მინისტრებისა და თანამდებობის პირების ასაკით. ფაქტობრივად, ვართ სახელმწიფო, რომელსაც 30 წლის ადამიანები მართავენ. ეს არის შედეგი და მთავარი მამოძრავებელი ძალა იმისა, რომ უცხოეთში საქართველოს „მენტალური რევოლუციის“ ქვეყანას უწოდებენ“..
ახლა თუ 30-ს 8 წელს გამოაკლებთ, იმასაც მიხვდებით, რომ 22 წლის თავქარიანი ყმაწვილების მიერ მართული ქვეყანა სწორედ ასეთი იქნება, როგორიც გახდა. ზოგადად, სააკაშვილს უყვარს ჟურნალისტებზე დაყრდნობა. ასე მაგალითად, იმავე ფორუმზე მან CNN-ის კორესპონდენტს - ბრაიან ჩილკოტს დაადო ხელი და განაცხადა, რომ სწორედ იგია „ვარდების რევოლუციის“ ნათლია: „ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით, რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო“.
სატელევიზიო ისტორიაში პირველად ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც 4 საათის განმავლობაში ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მან წამოიძახა: „ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!“ დღემდე საქართველოში 2003 წლის რევოლუციის სახელის ავტორად „მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე ითვლებოდა: პირდაპირ ეთერში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების რეპორტაჟისას მან ვარდით შეიარაღებული სააკაშვილის დანახვისთანავე წამოიძახა: „ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!“
ახალმა ხელისუფლებამაც რევოლუციაში შეტანილი წვლილისთვის ნათია ხელგაშლილად დააჯილდოვა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველის თანამდებობა უფეშქაშა. დღეს არამცთუ ნათია ზამბახიძე, ეროსი კიწმარიშვილიც კი აღარ ახსოვს სააკაშვილს. საქმეს რომ დასჭირდა, პოლიტიკური ნათელ-მირონიც ჩამოიშორა (2003 წლის საარჩევნო სიის პირველი ათეულიდან დღეს სააკაშვილის ბანაკში მხოლოდ ვანო მერაბიშვილია დარჩენილი) და რევოლუციის ნათლიაც სახელდახელოდ გამოცვალა. თუმცა მის გამონათქვამებს რაც შეეხება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დენიელ ფრიდს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწეს საიდუმლოდ გაუმხილა: „ზოგჯერ სააკაშვილი ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ სისულელეს არ ჩაიდენს“.
ამ ფორმულას შოთა არველაძეც მიჰყვა და, მართალია, სისულელეების ჩადენაში არც ის არის შემჩნეული, მაგრამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს განუცხადა: „რუსეთს სურს, მისი გვეშინოდეს, თურქეთი კი პატივისცემით გვეპყრობა. ამით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა. თურქეთი ადამიანური ქვეყანაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და მზად ვართ, წლების განმავლობაში ვებრძოლოთ. ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ხალხები თურქებს ენათესავებიან და თურქეთმა ისინი მარტო არ დატოვა. რუსეთს კი ქართველებისთვის რთულ დროს დახმარების ხელი არასდროს გამოუწვდია. დიახ, ჩვენც მათსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენი მსგავსება აქ სრულდება“.
რას უნდა მოასწავებდეს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის ეს პოლიტიკური განცხადება, ვერასოდეს გაარკვევ, თუ არ გეცოდინება, რომ ეს გუნდი თურქული „ქაისერისფორია“. ეჰ, რას არ გათქმევინებს კონტრაქტი და ნაციონალური ხელისუფლების შიში? მით უფრო, რომ რუსეთი შორს არის, ვანო მერაბიშვილის უწყება კი - აქვე, ყურისძირში! თუ არადა, ჰკითხეთ გიორგი დემეტრაძეს.