პენტაგონი: ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს

პენტაგონი: ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს

პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„ჩვენ არ გვინახავს, რომ ჩინეთმა ლეტალური [სამხედრო] დახმარება გაუწია რუსეთს ომისთვის, თუმცა ასევე არ მოუხსნიათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულნი. [სახელმწიფო] მდივანი ბლინკენი ასევე შეხვდა თავის კოლეგას გერმანიაში გასულ კვირას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შედეგები დადგება ჩინეთისთვის, თუ ეს პარტნიორობა რუსეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ.

20 თებერვალს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის.

გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.