სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის თამარ გამსახურდიას სახელი ნაკლებადაა ცნობილი.
დიდი კონსტანტინეს ქალიშვილს და ზვიადის დას უდროო სიკვდილმა არ აცალა მეცნიერებაში ბოლომდე ეთქვა სიტყვა.
თამარის ხსენების დღეს, კოლხურ კოშკში, პირველნი ჰელსინკის კავშირის წევრები გამოჩნდნენ და ეზოს დასუფთავებას შეუდგნენ. ქალებმა საფლავის სარეველებისგან გაწმენდა დაიწყეს.
12 საათსა და 20 წუთზე მისული მანანა არჩვაძე-გამსახურდია იქ მყოფებმა გადაკოცნეს და თბილად მოიკითხეს.
ქალბატონი მანანა საფლავთან მივიდა, ყვავილები ბზაზე დაალაგა. ჯერ საფლავს მიწა უნდა დავაყაროთ და ყვავილებს მერე დავაწყობო, - აუწყა შეკრებილთ.
- ამბობენ, საფლავის განახლება არ ვარგაო, - უთხრეს მას ქალებმა.
- არა. მიწას ყოველწლიურად ვუცვლიდით. ძალიან გახუნებულია, - უპასუხა მათ ქალბატონმა მანანამ და ურიკებით შავი საყვავილე მიწაც მოიტანეს. მამაკაცებმა იგი ფოცხით მოასწორეს, ქალებმა კი მამაკაცთა ნამუშევარი ხელებით შეამოწმეს და გაალამაზეს. ამ დროს საფლავზე დამაგრებული ხის ჯვრის შუა ნაწილი ჩამოვარდა.
- ეეჰ, უნდა გამოგვეცვალა, მაგრამ არ დაგვცალდა. ამათ (დღევანდელი ხელისიფლება) ომი დაიწყეს, - ამოიხვნეშა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.
- რკინის ჯვარი რომ გაკეთდეს? - დაინტერესდა ზოგიერთი.
- არა. რკინის ჯვარი ზვიადს არ უნდოდა. აქ ბაზალტი უნდა ყოფილიყო, ვერ მოვასწარით, მაგრამ გავაკეთებ! - განმარტა პრეზიდენტის ქვრივმა.
მამაკაცებმა ჯვარი ლურსმნებით გაამაგრეს. ქალბატონმა მანანამ მოსასხამი ხეზე ჩამოკიდა, საფლავზე ყვავილები დააწყო და სანთლები დაანთო.
- მე არ შემიძლია თამარის დახასიათება. ის ჩემთვის ყველაფერი იყო და დღევანდელი დღის აღნიშვნა ჩემი მოვალეობაა. მეტს ვერაფერს ვიტყვი, - განუცხადა „ალიას“ პირად საუბარში ქალბატონმა მანანამ.
ამასობაში ეზო ხალხით გაივსო. ქალბატონმა მანანამ მეზობლები თბილად მოიკითხა. „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოების და კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების წევრებმა საფლავი ყვავილებით მორთეს და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელზე ეამბორნენ.
ცხადია, გამსახურდიას ქვრივი ყურადღების ცენტრში იყო. მისი ნახვით ყველანი გახარებულები იყვნენ.
- იცით, რა ბედნიერი ვარ. მის გვერდით ვიდექი. ამ დღეს ვერასოდეს დავივიწყებ!... - აღფრთოვანებული, მოკლეთმიანი ქალი შთაბეჭდილებას უზიარებდა მეგობარს.
პარლამენტარი გურამ შარაძეც მოვიდა. მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამ დროს საფლავთან იდგა. როგორც კი შარაძე მიუახლოვდა, მან ზურგი აქცია და იქვე, ნათესავ-მეგობრებში გადაინაცვლა. შარაძემ თაიგული საფლავზე დადო, ერთი-ორ ნაცნობს გაესაუბრა და იქაურობა სწრაფად დატოვა.
- რას მოდიოდა. ან ისეთ საზიზღარ ინტერვიუს რას აძლევდა. ასე ეკუთვნის მაგას... - ჩაილაპარაკეს ქალებმა.
მალე ავთანდილ რცხილაძე აივანზე ავიდა. ეზოში მყოფთ შეკრების მიზეზი კიდევ ერთხელ შეახსენა და 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე ყველას მობრძანება სთხოვა.
ამის შემდეგ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად განმარტოვდა: ზოგი ზვიადს და მერაბს იხსენებდა, ზოგიც დღევანდელ ხელისუფლებას სამარეში დებდა. ჰელსინკის კავშირის რელიგიის საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დავითაიას მოზრდილი ჯგუფი შეეკრიბა და მართლმადიდებლობაში ათვითცნობიერებდა.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია კი კოლხურ კოშკში გვიან საღამომდე დარჩა.