თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს.

ოფიციალური ანკარის ცნობით, დროის გასვლასთან ერთად, ნანგრევების ქვეშ გადარჩენილთა პოვნის იმედი იწურება. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის 245 198 წარმომადგენელი იმყოფება.

თურქეთში ორ ძლიერ მიწისძვრას 6 ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ქაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს.

ისევ უცვლელია სტიქიის დროს დაღუპულთა სტატისტიკა სირიაში და ის 6 ათასს აღწევს.