Politico: როგორ იყენებდა კატარი საიდუმლო შეთანხმებას ევროპარლამენტთან დასაკავშირებლად

Politico: როგორ იყენებდა კატარი საიდუმლო შეთანხმებას ევროპარლამენტთან დასაკავშირებლად

Politico წერს შეთანხმებაზე, რომელიც მოქმედებს ევროპარლამენტის ქვეკომიტეტსა და კატარის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას შორის, თუმცა სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ არსებობს.

როგორც Politico აღნიშნავს, ყველაფერი 2020 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ევროპარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც დოჰაში, სასტუმრო Ritz Carlton-ში იმართებოდა.

მათივე ცნობით, ეს კონფერენცია მოულოდნელი არ ყოფილა. მას საფუძველი 2 წლით ადრე ჩაეყარა, როდესაც ევროპარლამენტის მაშინდელმა წევრმა, პიერ ანტონიო პანცერიმ ხელი მოაწერა ნახევრადოფიციალურ შეთანხმებას კატარის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან.

პაქტი, რომელსაც პანცერიმ ხელი ევრპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მოაწერა, აკავშირებს ევროკავშირის ქვეკომიტეტს კატარის ადამიანის უფლებების კომისიასთან.

როგორც Politico წერს, ევროპარლამენტის მონაცემებით, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ არსებობს - ის განსახილველად კანონმდებლებისთვის არ გადაუციათ. „ევროპარლამენტს არ აქვს მტკიცებულება ამ დოკუმენტზე“, - ამის შესახებ საგენტოს ევროპარლამენტის პრეს-ატაშემ განუცხადა.

ამასთან, როგორც Politico წერს, პანცერიმ ამ შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 აპრილს მოაწერა.

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

საუბარია ბელგიელ მარია არენაზე და იტალიელ ალესანდრა მორეტიზე, რომლებიც კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული კოლეგის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში არიან ნახსენები. კოცოლინოს დაკავების ორდერი ბელგიელმა მოსამართლემ, მიშელ კლეზმა 10 თებერვალს გასცა.

დოკუმენტის თანახმად, არენა და მორეტი, ანდრეა კოცოლინოსთან და კიდევ ერთ დაკავებულ ევროდეპუტატთან, მარკ ტარაბელასთან ერთად, მოქმედებდნენ ყოფილი ევროპარლამენტარის, პიერ ანტონიო პანცერის მითითებით, რომელიც ევროპარლამენტში შექმნილი დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელი იყო. პანცერიმ ბრალი აღიარა და ბელგიურ პროკურატურასთან თანამშრომლობს.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.