შსს-მ პოლიციის შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ პოლიციის შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ამავე განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე 1-ლი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა.

დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით).