რა ურთიერთობა ჰქონდათ ავლიპ ზურაბაშვილსა და ნიკიტა ხრუშჩოვს

რა ურთიერთობა ჰქონდათ ავლიპ ზურაბაშვილსა და ნიკიტა ხრუშჩოვს

ერთხელ ჰკითხეს, რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულება არსებობს საქართველოშიო. ორი – სტაციონარული და მოძრავიო, – უპასუხა. მოძრავი რომელიღააო. მატარებელი – „მახარაძე-თბილისი!“ – უპასუხა მეცნიერმა.

მისი გამოჩენა საზოიგადოებაში ყოველთვის დიდ ხალისს იწვევდა. სპეციფიკური წვრილი ხმა და გრძელი ულვაშები კიდევ უფრო ეხმარებოდა ამაში. ის არა მხოლოდ სულიერად დაავადებულთა მკურნალი, კარგი იუმორის პატრონიც იყო. პაციენტსა და ექიმს შორის გამართული დიალოგებით ერთი კარგი სკეტჩი იქმნებოდა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მის უამრავ პაციენტთა შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, მაგალითად, ნიკიტა ხრუშჩოვი; არც ის უნდა იყოს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუ როგორ ჩაეფუშა ბატონ ავლიპს კახეთში ფსიქიატრიული კლინიკის გახსნა, რომელიც მთავრობის დავალება იყო. ვფიქრობ, აქ 800-საწოლიანი საავადმყოფო უნდა აშენდეს, – უთქვამს ბატონ ავლიპს. იქვე შეეკამათა ერთი კაცი: რა ამბავია, 800 გიჟს მთელ კახეთში ვერ მოძებნითო. ავლიპმა უპასუხა: მარტო შენი გვარისა ვიცი 800 კაცი ფსიქიკურად დაავადებულიო (ძალიან გავრცელებული გვარია კახეთში და არ ვახსენებთ). მოკლედ, გადაშალეთ ავლიპ ზურაბაშვილის ცხოვრების დღიურები და გაიცანით იგი ახლოდან

დათო ზურაბაშვილი: პაპაჩემი, ავლიპ ზურაბაშვილი, დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს, სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევში, ქიზიყის მაზრაში. მამამისი, დავითი, მღვდელმსახური გახლდათ და ეგრეთ წოდებულ „ზურაბაანთ უბანში“, ამაღლების ეკლესიაში მსახურობდა, რომელიც ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს იყო. დედამისი კი, მარიამი, დიასახლისი გახლდათ. პაპას რამდენიმე და-ძმა ჰყავდა, რომლებსაც შვილები არ დარჩენიათ: და ჯერ კიდევ ბავშვობაში გარდაეცვალა; ერთი ძმა, რევოლუციონერი, მოკლეს; მეორე ძმა, ანთიმოზი, მღვდელმსახური იყო, მაგრამ, როდესაც კომუნისტები მოვიდნენ, მღვდელმსახურება აუკრძალეს და ფოსტაში მუშაობდა. ანთიმოზმა ასეთი რამ გააკეთა: ეკლესიიდან ზარები მოხსნა და გადამალა. გავიდა დრო. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა მითხრა: ჩვენი ეკლესიის ზარები ამა და ამ ადგილას მაქვს გადამალული. თუ დადგა ის დრო, რომ ბოდბისხევის ეკლესია აღდგა, წადი და ზარები დაუბრუნეო. ჩვენი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენდება ეკლესია და ზარები იქ მივიტანე. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ჩამოიკიდებოდა. ფაქტობრივად, თავისი საქმე გააკეთა. რაც შეეხება პაპას პროფესიულ არჩევანს, ალბათ, ოჯახში იყო ამაზე საუბრები, განწყობა, შინაგანი მოთხოვნილება, რომ ადამიანის სხეულს, გონებასა და სულს დახმარებოდნენ. იმ დროს მედიცინა, განსაკუთრებით – მედიცინის ეს დარგი, არ იყო იმდენად განვითარებული. მან, შესაძლოა, ამიტომაც გადაწყვიტა ფსიქიატრიაში წასვლა, მაგრამ, სანამ ის სამედიცინოზე ჩააბარებდა, უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. პირველი ორი წელიწადი მათემატიკოსად მუშაობდა. შემდეგ წავიდა ჯარში. თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, უთხრეს, ჯარი არ არის შენი საქმე, წადი და ისევ უნივერსიტეტში განაგრძე სწავლა, ოღონდ, ისეთი პროფესია აირჩიე, რომ ხალხს დაეხმაროო. მას უფრო თავისი ინტელექტით შეეძლო მუშაობა, ვიდრე ფიზიკურად. დაბრუნდა და საბუთები სამედიცინოზე გადაიტანა. ფსიქიატრია მოითხოვს მათემატიკურ აზროვნებასა და ლოგიკას. ამდენად, მისთვის ეს პროფესია უფრო ადვილი იყო. შემდეგ სამუშაოდ პეტერბურგში წავიდა, სადაც რამდენიმე შემოთავაზება მიიღო, რომ უცხოეთში წასულიყო და იქ დარჩენილიყო, მაგრამ, უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა – ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მაქვს, საქართველოში უნდა გამოვიყენოო.

 34 წლის ასაკში დაოჯახდა. დიდედა, როგორც ბავშვები ვეძახდით ჩვენს შვედ ბებიას, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. ხშირად გვიყვებოდა თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს. 15-16 წლისას, თურმე, აბსოლუტურად სხვა ამბიციები ჰქონდა. ჭკვიანი, მაგრამ, რომელიღაც სოფლიდან ჩამოსული ბიჭი სულაც არ იყო მისი ოცნების მამაკაცი. დიდედა იყო ძველი, განკულაკებული ოჯახიდან. პეტერბურგში დიდი სასახლე ჰქონდათ, მაღალი წრის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. ძმა ნობელის ძალიან ახლო მეგობარი იყო – ერთად იზრდებოდნენ. დიდედას უმაღლესი არ ჰქონდა დამთავრებული, თუმცა, თავისთავად, კარგად ფლობდა რუსულს, გერმანულს, ინგლისურს. არ არსებობდა ლიტერატურა, რაზეც არ ისაუბრებდა და, ამ ყველაფრის ფონზე, ჩამოდის ბიჭი სადღაც კახეთიდან, მატერიალურად საკმაოდ გაჭირვებული (ის პეტერბურგში ბავშვებსაც კი ამზადებდა, რომ ლუკმაპურის ფული ჰქონოდა) და, აი, ასეთ კაცს მიჰყვება ცოლად. რევოლუციის დროს ძალიან გაუჭირდათ. სახლი ჩამოართვეს და ერთი ოთახი მისცეს საცხოვრებლად. ერთხელ დიდედამ ერთი ასეთი ამბავი მოგვიყვა: „ძალიან ცელქი ვიყავი. სკოლაში რომ მივდიოდი, ხიდით კი არ გადავდიოდი,  გაყინულ მდინარეზე გადავრბოდი. რამდენჯერ ყინულიც ჩატეხილა. ერთხელ, სკოლაში გავრბივარ. ბოშა მომიახლოვდა და მითხრა, გიმკითხავებო. ხელი რომ გავუწოდე, მითხრა: ცოლად მგელს გაჰყვები, მასთან ერთად ძალიან ლამაზ ცხოვრებას გაივლი, მთელი ცხოვრება ყავას დალევ და „ბულკს“ შეჭამო. რასაკვირველია, ამაზე გამეცინა. ვიფიქრე, ან მგელს რატომ უნდა გავყვე ცოლად, როცა სულ სხვა რაღაცეებზე ვოცნებობ, ან, ეს ყავა და „ბულკი“ რაღაა-მეთქი. გავიდა დრო და გამოჩნდა საკმაოდ სიმპათიური ადამიანი, რომელმაც ხელი მთხოვა. ამ ბოშა ქალის სიტყვები გამახსენდა, ჩავთვალე, რომ ეს არის „მგელი“ და უარით გავისტუმრე. გავიდა რაღაც პერიოდი და გავიცანი ავლიპი. საუბრისას ვკითხე, შენი სახელი რას ნიშნავს-მეთქი. მგელსო, – მიპასუხა (ლათინურად „აულიუს ლუპუს“ მგელს ნიშნავს). მერე მივხვდი, რომ ბედს ვერსად გაექცევი.“ მთელი ცხოვრება დილით ნალექიან ყავას სვამდა და ნამცხვარს ატანდა. 

დიდედა საოცარი ქალი იყო, ექვსი საათის შემდეგ არ ჭამდა, რომ წონაში არ მოემატა. თავს უვლიდა, ყოველთვის გამხდარი და მოხდენილი იყო. გაუჩნდათ ორი შვილი: მამაჩემი – ზურაბი და ბიძაჩემი – სიგურტი (სიგურტი შვედური სახელია). ბიძაჩემი პეტერბურგში დაიბადა. 1937 წელს დადგა საკითხი: ან უცხოეთში უნდა წასულიყვნენ სამუდამოდ, ან აქეთ წამოსულიყვნენ. პაპა, ვინაიდან ფიზიკურად სუსტი კაცი იყო, მიწაზე ვერ მუშაობდა, სოფლის მეურნეობას არ ეწეოდა. ძირითადად, სოფლის ექიმი იყო. ვისაც რა პრობლემები ჰქონდა, არა მხოლოდ ფსიქიკური, მას მიმართავდნენ. ჩვეულებრივი სახლი ჰქონდათ – ორი ოთახი. დიდედა დაბალი ტანის ქალი იყო და კახელ ქალებს უკვირდათ, ათმეტრიან ქუსლებზე როგორ ახერხებს ვენახებში სიარულსო. ქართულად არ ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ქალი იყო. თუმცა, გარდაცვალების წინა დღეს „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟასა და ილიას ნაწარმოებები, აქცენტის გარეშე წაგვიკითხა. მთელი ცხოვრება ვიცოდით, რომ ქართულად არ საუბრობდა და უცებ ასეთი ფაქტის წინაშე დავდექით. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არც იყო ამის საჭიროება, რადგან, ყველა, ვინც მოდიოდა სტუმრად, რუსულად, ფრანგულად ან გერმანულად ლაპარაკობდა. უბრალოდ, გული გვწყდებოდა, რომ ამდენ ხანს საქართველოში ცხოვრობდა, შვილები ქართულ ყაიდაზე გაზარდა, ქართული რწმენით, სიყვარულით და ქართულად არ საუბრობდა. ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და ამბობდა, კიდევ ერთხელ რომ მქონოდა ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი, აუცილებლად ისევ პაპათქვენთან ერთად გავატარებდიო. კახეთში დიდხანს არ უცხოვრიათ, მალე თბილისში გადმოვიდნენ პლეხანოვზე. მეჩნიკოვის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო და ამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ერთ ოთახში. შემდეგ აიშენეს კერძო სახლი, საკმაოდ შორს, ახლანდელ ვაკეში, რომელიც მაშინ გარეუბანი იყო. ლენინგრადიდან ბევრი ნივთი ჩამოიტანეს, ეგრეთ წოდებული მზითევი.

როდესაც პაპა თბილისში სწავლობდა, პერიოდულად, ზაფხულობით, კახეთში ჩადიოდა. ოჯახი ცოცხის საკრეფად ალაზანზე დადიოდა. ერთხელ პაპა ცხენით წავიდა ალაზანზე. გზად ორი ყაჩაღი შეხვედრია, რომლებმაც ცხენი მოსთხოვეს. თქვენ შეგიძლიათ, ცხენი წამართვათ, მაგრამ, სახლში აღარ დავბრუნდები. თუ ცხენს დამიტოვებთ, პირობას ვიძლევი, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემს ქვეყანასა და ხალხს გამოვადგეო. ყაჩაღებმა ცხენი დაუტოვეს.

პაპა დეპუტატი იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს, სიტყვით გამოდიოდა. ერთ-ერთ შეკრებაზე თქვა – ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა, მერე ჰკითხეს – რატომო. გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. გაქანებული კომუნისტების პერიოდი იყო, მაგრამ, მისთვის ამის თქმა შეიძლებოდა. რასაკვირველია, საინტერესო, სასაცილო პაციენტებიც ჰყოლია, მაგრამ, არასდროს სახლშიც კი არ ყვებოდა თავის პაციენტებზე. არასწორად მიაჩნდა, თუ პაციენტი საუბრისას გულს გაუხსნიდა, ამაზე ვინმესთან ელაპარაკა. ყოველ შემთხვევაში, საექიმო ამბებს ყვებოდა არა როგორც სასაცილო ამბებს. ჩვენს ოჯახშიც კი არ იყო მიღებული პაციენტის ვინაობის გამჟღავნება. ეს იყო სრულიად დახურული, კონფიდენციალური ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის. ერთხელ, ერთ მეწაღეს უმკურნალა და გაწერეს. ბატონო ავლიპ, დიდი მადლობა დახმარებისთვის, მეც მინდა, რაღაცით გცეთ პატივი და, თუ შეიძლება, თქვენი ფეხის ზომა მითხარით, ფეხსაცმელი უნდა შეგიკეროთო. პაპამაც უთხრა თავისი ფეხის ზომა. უკაცრავად, კიდევ მაქვს კითხვა, – უთხრა მეწაღემ, – ქუსლი წინ გავუკეთო თუ უკანო. ძალიან არ უყვარდა ის ადამიანი, რომელიც სვამდა. თვითონ ყოველდღე სადილზე თითო ჭიქას თუ დააყოლებდა, ისიც, არა სუფთა ღვინოს, არამედ, წყალგარეულს. თავის კაბინეტში დივანი ედგა. როდესაც მძიმე სამუშაო ჰქონდა, დიდედას ეძახდა და ეუბნებოდა: აქ დაჯექი, რაღაც წაიკითხე და ხმა არ ამოიღოო. ამ დროს თავისი აზრების მობილიზებას ახდენდა და ამით კმაყოფილი იყო. დიდედა ძალიან ეხმარებოდა საქმეში. ფილოსოფიურ საკითხებზე საუბრობდნენ, კამათობდნენ. პაპას ფილოსოფიურ აზროვნებაზე სწორედ მან ითამაშა დიდი როლი და, ასევე, მისი სურვილი იყო, პაპას ულვაშები ეტარებინა. დიდედა კარგად ხატავდა. ერთხელ უთხრა, შენს სახეს აუცილებლად მოუხდება ულვაშებიო და მას შემდეგ აღარც მოუშორებია. პაპა რომ სახლში მოვიდოდა, მაგიდას ყველა ერთად მივუსხდებოდით ხოლმე სადილად. ჩვენ, ბავშვებს, ძალიან არ გვიყვარდა დიდებთან ერთად ჭამა, რადგან, სუფრასთან მოქცევის წესები არ უნდა დაგვერღვია. ვიცოდით, როდის, ვისთან და რა უნდა გვეთქვა. მკაცრად გვზრდიდნენ. სადილის დაწყების წინ პაპასა და დიდედას შორის რელიგიურ თემაზე იწყებოდა საუბარი. ისინი გვაჩვევდნენ მცნებებს, წესებს უფალზე. ახლაღა ვხვდები, რომ ეს იყო ლოცვა, თუმცა, ლოცვას კი არ კითხულობდნენ, როგორც ლოცვას, არამედ, რაღაც პატარა ამბავს მოყვებოდნენ საეკლესიო ცხოვრებიდან. ასე შეგვაჩვიეს და შეგვაყვარეს ეკლესია, რადგან, თქვენ კარგად იცით, მაშინ ეკლესიის ხსენება არ შეიძლებოდა. პაპა წყნარი ადამიანი იყო, არ გვახსოვს მისი ხმამაღალი სიტყვა. ძალიან სპეციფიკური, დამახასიათებელი ხმა ჰქონდა. კარგად იცოდა თავისი ხმის მართვა. იტყოდა: შეგიძლია, ადამიანს ისე ესაუბრო, რომ ერთი თქმით მოგისმინოს და დაგიჯეროსო. არასდროს საუბრობდა ბავშვთან, როგორც დიდთან, მაღალ მატერიებზე – ბავშვი ამით არ დაინტერესდებაო. ძალიან უყვარდა ცხოველები. ჩვენ გვყავდა დიდი გერმანული ნაგაზი, სახელად „ყარათი“ და იმასთან ერთად სეირნობდა ეზოში, დიდედას კი ჰყავდა პატარა ძაღლი, რომელიც პაპაზე ეჭვიანობდა და სულ უღრენდა.

პაპას ცხოვრების დიდი სიყვარული და ერთადერთი ქალი დიდედა იყო, რომელიც არასდროს გვინახავს საოჯახო ხალათში, მოუწესრიგებელი. სახლშიც სულ ფორმაში იყო, ამიტომ, ყოველთვის საინტერესო იყო პაპასთვის. არ მოდუნებულა, სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი ძალიან ნერვიულობდა, თუ ნახევარ კილოს მოიმატებდა ან დაიკლებდა.