თურქეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების როტაციის პროცესი დასრულდა

თურქეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების როტაციის პროცესი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი სამაშველო ჯგუფი თურქეთში ჩავიდა. აღნიშნულმა ჯგუფმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლა, რომლებიც ქალაქ ადიამანში ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

თურქეთში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ, ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განახორციელებს. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.