კვარაცხელია „ნიუკასლს“ კვლავ დაუკავშირეს

კვარაცხელია „ნიუკასლს“ კვლავ დაუკავშირეს

„ნაპოლის“ ქართველი შემტევის მსურველთა სია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. მას არაერთი პრემიერლიგის კლუბი დაუკავშირეს, მათ შორის იყო „ნიუკასლიც,“ რომლის ინტერესს ბრიტანულ მედიაში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

კვარაცხელიას მიმართ ინტერესი თავდაპირველად, „მანჩესტერ სიტიმ“ გამოხატა, დღეს კი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ „ქალაქელები“ მარტო არ არიან და მათ კონკურენციას „ნიუკასლიც“ გაუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმაც და პრეზიდენტმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ქართველი არ იყიდება, მისი თამაშით აღფრთოვანებული ევროპული გრანდები მაქსიმალურად ცდილობენ მის მიმართ ინტერესი მკაფიოდ დააფიქსირონ. „ნიუკასლს“ ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს თემურ ქეცბაიას სახით, ამჯერად კი ისინი სხვა გუნდებისთვის ეცდებიან კონკურენციის გაწევას კვარაცხელიას შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლო დღეებში მადრიდის „რეალსაც“ დაუკავშირეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.