ქართველმა კალათბურთელმა იტალიურ il Resto del Carlono-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იტალიის თასის, ომის და საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა:
„ჯერ-ჯერობით ტიტულის მოგებაზე არა, მხოლოდ „ვენეციასთან“ მატჩშზე ვფიქრობთ. თუ წარმატებას მივაღწევთ, ჩვენი მიზანი ნახევარფინალი იქნება და ვნახავთ, ვინ შეგვხვდება მომდევნო მატჩში. რა თქმა უნდა შანსები გვაქვს, რადგან ამ ტურნირში ვმონაწილეობთ, თუმცა პროცენტებს წინასწარ ვერ ვიწინასწარმეტყველებ.“
„კარგი გუნდი ვართ და ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ევროლიგაში ვაჩვენეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად ვერ ვთამაშობდით და რამდენჯერმე გამარჯვება ხელიდან გავუშვით. ცოტა სტაბილურობა დაგვაკლდა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ: ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და მათ მიღწევას შევეცდებით. მეც მხრის ტრავმა მოვიშუშე და თავს კარგად ვგრძნობ.“
ამის შემდეგ, ქართველ კალათბურთელს რუსეთთან მეზობლობის და ომის შესახებ დაუსვეს შეკითხვა:
„ომი ძალიან დელიკატური საკითხია და ის რამდენიმე სიტყვით არ გადმოიცემა. ამ საკითხის შესახებ მარტივი სიტყვებით საუბარი არ შეიძლება. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ომი არასოდეს არის კარგი და მას არასოდეს მოაქვს კარგი არაფერი. მასზე საუბრისას ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ომის მსხვერპლზე და პატივი ვცეთ მათ.“
„ბოლონიაში ნამდვილად იგრძნობა, რომ საკალათბურთო ქალაქია. ამ ქალაქის მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია კალათბურთის სათამაშოდ. თამაშის დროს მხურვალება იგრძნობა და მისი დასრულების შემდეგ სრული სიწყნარეა. აქ ძალიან კარგი საჭმელებიც აქვთ. ლაზანია ჩემი ფავორიტია. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. შვილი მყავს და ვცდილობ მას რაც შეიძლება დიდი დრო დავუთმო“ - განაცხადა შენგელიამ.
იტალიის თასზე 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ერთ-ერთი სწორედ შენგელიას „ვირტუს ბოლონიაა“. მათი დაპირისპირება „ვენეციასთან“ ხვალ, 21:00 საათზე გაიმართება.