ერდოღანი: თურქეთი არასდროს დაივიწყებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიღებულ დახმარებას

ერდოღანი: თურქეთი არასდროს დაივიწყებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიღებულ დახმარებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არასდროს დაივიწყებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიღებულ მეგობრობასა და დახმარებას.

„მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, მხარს უჭერენ ჩვენს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს თავიანთი გუნდებით და არ გვივიწყებენ ლოცვის დროს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ მეგობრობას, რომელიც ამ რთულ პერიოდში დაგვანახეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 35 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.