პირდაპირ ვიძახი, სააკაშვილივით ვერ დადგება ვერცერთ შემთხვევაში ხელისუფლება და ვერ დაიწყებს მილიონების ხარჯვას პიარ-კამპანიების საწარმოებლად. ეს უბრალოდ გაუმართლებელია. პირიქით, კითხვები შეიძლება გაგიჩნდეს და თქვა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რომ იხარჯება მილიონები, ეს არასწორია, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ადრე თუ გვიან ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.
„სამწუხაროდ, ერთგვარ „წარმატებას“ მიაღწია ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე - დააზიანეს სახელმწიფოს რეპუტაცია, ამას განაგრძობენ, იმიტომ რომ ამ გზით ესახებათ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე მარტივ ხერხად. ეს ცუდია. ამოსავალი წერტილი სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არის ერთი მარტივი საკითხი, რომ ის იქამდე მიიყვანეს, რომ ვეღარ გადაადგილდება. მაგრამ გავრცელდა კადრი, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს. ადრე თუ გვიან სადღაც ხომ წააწყდება ამას ის ევროპარლამენტარი, რომელსაც არც ჩემს მხარეს და არც არავის მხარეს აქვს მიკერძოება, უბრალოდ ჭეშმარიტებისთვის უნდა მისცეს ხმა. მიდიან და უხსნიან მას, რომ ადამიანს კლავენ. მილიონები იხარჯება ამაში სააკაშვილის მხრიდან. მერწმუნეთ, ეს დიდხანს უბრალოდ ვერ გასტანს. შეიძლება ეს ამ წუთას მოკლევადიანი გეგმისთვის, ამ წუთას სჭირდებათ. ადრე თუ გვიან, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.