„პარი სენ-ჟერმენმა“ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობა შეუძლიათ.
სიაშია გუნდის სამივე დიდვარსკვლავი: კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი. პირველი ორის მონაწილეობა გუშინდლამდე საეჭვო იყო.
ასევე მატჩის საბოლოო განაცხადშია ტრავმამოშუშებული იტალიელი მარკო ვერატიც.
მბაპე 1 თებერვალს, „მონპელიესთან“ მატჩში დაშავდა (3:1) და კლუბის ექიმების ვარაუდით, მინდორზე დასაბრუნებლად დაახლოებით სამი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ დროზე ადრე გამოჯანმრთელდა.
თავის მხრივ, ლიონელ მესიმ ლიგა 1-ის ბოლო მატჩი გამოტოვა „მონაკოს“ (1:3) წინააღმდეგ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი დღეს, 14 თებერვალს, პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.