კონკურენციის კუთხით, საქართველო 138 ქვეყნიდან 135-ე ადგილზეა

კონკურენციის კუთხით, საქართველო 138 ქვეყნიდან 135-ე ადგილზეა

წინა კვირას ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა იდეა, რომ შეიქმნება ბიზნესსაბჭო, რომელიც ახლადამოქმედებული საგადასახადო კოდექსის დახვეწასა და ბიზნესის ხელისშეწყობაზე იმუშავებს. თუმცა, ამის შემდეგ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე პარლამენტში შექმნილი სპეციალური საბჭოს მიერ წვრილი ბიზნესის ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

        

„პირველ რიგში ის შემიძლია, გითხრათ, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ეფექტური იმ შემთხვევაში იქნება, თუკი რეალურად იმუშავებს და განიხილავს ისეთ საკითხებს, რაც ნამდვილად შესაცვლელია. დარწმუნებული ვარ, საბჭოს შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან და ამ ფორმატში საშუალება გვექნება, რომ ღიად ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბიზნესსექტორზე და ასოციაციების წარმომადგენლებზე, რადგან მათ უნდა დაიცვან კონკრეტული ჯგუფების ინტერესები.

 

ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ქვეყანაში პრობლემები არის ეკონომიკურ განვითარებაში და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბიზნესექტორის განვითარებაა საჭირო. ამიტომაც ამ ადამიანებმა ხმა უნდა ამოიღონ და რეალურად დაიცვან იმ ხალხის ინტერესები, ვისაც წარმოადგენენ“.

 

პრობლემები მსხვილ ბიზნესს უფრო მეტი აქვს თუ მცირეს და საშუალოს?

- ბიზნესი დღეს ნამდვილად დიფერენცირებულია. პრობლემები მცირე ბიზნესს უფრო მეტი აქვს, რადგან მსხვილი ბიზნესი დღეს, გარკვეულწილად, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან მათ მეტი შესაძლებლობა აქვს, მეტი რესურსი აქვთ და მათ სახელმწიფოსთან ურთიერთობა არ უჭირთ.

 

ამიტომაც უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის მეორე ნაწილი, რომელიც არ არის დაცული, რადგან არა აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რაც მსხვილ ბიზნესს და ეს არის პრობლემა. ჩემი იქ ყოფნის მთავარი მიზანიც, თუ  ამ საბჭოში ვიქნები, ის იქნება, რომ დავიცვა მცირე ბიზნესი.

 

ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, ჩვენ გვაქვს ყველაზე უფრო სავალალო მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით იმ მიმართულებებს ეხება, რომელიც არის მონოპოლიებთან კავშირში, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ, უნდა შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი საშუალო ფენა, რომელზეც დგას ყველა განვითარებული ქვეყანა.

 

რა უნდა შეიცვალოს?

- მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ, ერთი მხრივ, ხელმისაწვდომი იყოს საკრედიტო რესურსები. ეს აუცილებელია და არის მეორე, სასაქონლო თუ მომსახურების ბაზარზე მათ უნდა ჰქონდეთ შეღწევის და დამკვიდრების უფლება და მათ მონოპოლიებთან საქმე არ უნდა ჰქონდეთ. კიდევ ვიმეორებ, კონკურენციის კუთხით, საქართველო 138 ქვეყნიდან არის 135-ე ადგილზე. აქ იგულისხმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობაც და ეს ყოვლად დაუშვებელია. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ცივილიზირებულ სამყაროსთან, იგივე ევროკავშირთან ურთიერთობა გვქონდეს, ეს უნდა გაკეთდეს.

 

ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში გარკვეული ხარვეზებია, როდესაც ეს კანონპროექტი იხილებოდა, მაშინ არანაირ შენიშვნას არ გამოთქვამდენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ახლა რატომ დაიწყეს პრობლემებზე საუბარი, რა შეიცვალა?

- „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშს თუ ნახავთ, ამ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში ერთ–ერთი პრობლემური საკითხი სწორედ არის ხელისუფლების შიგნით მყოფი ხალხის პრივილეგირებული მდგომარეობა. ეს არის ზუსტად, რომ კანონი ვიღაცისთვის პრივილეგირებული არ უნდა იყოს.

 

ამ ბიზნესმენების მხრიდან უკვე გაჟღერდა ისიც, რომ მათ ქველმოქმედების გადასახადებისგან გათავისუფლება უნდათ. ეს რამდენად მისაღებია და ხომ არ შექმნის გადასახადების გადახდის ვალდებულების თავიდან აცილების საფრთხეს?

- ასეთი რამ ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს და ამაში ცუდი არაფერია, რადგან ქველმოქმედება არის სახელმწიფოს დამხმარე სოციალური პრობლემების გადაჭრისას. განვითარებულ ქვეყნებში ამის კარგი გამოცდილება არსებობს და კარგი იქნება, თუკი ჩვენ ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ.

 

რაც შეეხება არალეგალური შემოსავლების გათეთრების პრობლემას, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით დგას ხოლმე, გეტყვით, რომ ჩვენ რამდენიმე კონვენციას ვართ მიერთებულნი, რომელიც გვავალდებულებს ამის წინააღმდეგ ბრძოლას და არსებოს შესაბამასი სამსახური, რომელიც ამ ყველაფრის მონიტორინგს ახორციელებს. კანონმდებლობის დონეზე ეს საკითხი დაცულია და ეს სათანადოდ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან იმ სიკეთეზე, რაც ამ ქველმოქმედებას და მის წახალისებას მოაქვს, უარყოფითი მომენტების გამო არ უნდა იქნას უარყოფილი.