ვიქტორ ოსიმენი იტალიის სერია A-ს ბომაბრდირთა დავას ლიდერობს და მიმდინარე სეზონში არაერთი გრანდის ყურადღებას იპყრობს. ამჯერად ნიგერიელი „ლივერპულის“ რადარზე გამოჩნდა.
ესპანური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ვიქტორი ოსიმენის ბრწყინვალე თამაშს იურგენ კლოპის გუნდი ყურადღებით აკვირდება. ნიგერიელი შემტევი, რომელიც „ნაპოლიმ“ 70 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა, უკვე მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „პსჟ“-ის მიზანში. ეს გუნდები მზად არიან მასში 100 მილიონზე მეტი გადაიხადონ და როგორც ირკვევა, ნიგერიელისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო.
მერსისაიდელების წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად შეტევაში სუსტი თამაში სახელდება. დარვინ ნუნიესი კვლავ განაგრძობს გულშემატკივრების იმედგაცრუებას, კოდი გაკპომ კი ვერაფრით მოიკიდა ფეხი ინგლისში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსიმენის ტრანსფერი გუნდს ძალიან გამოადგება.
ნიგერიელ შემტევს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.