რამდენიმე დღის წინ, „აიაქსში“ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, ალფრედ შრიოდერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის დანიშვნას „ლიდს იუნაიტედი“ აპირებს.
თავის მხრივ, „ლიდსის“ მესვეურები მთავარი მწვრთნელის, ჯესი მარჩის მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ და თანამდებობა მასაც დაატოვებინეს. 22 ტურის შემდგომ, „ლიდსი“ 19 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას უტრიალებს, შესაბამისად, გუნდს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვინც მათ სახიფათო ზონას მოაცილებს.
გუნდმა რამდენიმე კანდიდატურა უკვე განიხილა. „ფეინოორდის“ არნე სლოტმა ამჟამინდელი პოზიციის დატოვებაზე უარი განაცხადა. განიხილებოდა ანდონი ირაოლასა და ანგე პოსტეჩოღლუს ვარიანტები, თუმცა არც მათ განიზრახეს გუნდიდან წამოსვლა. საბოლოოდ, „ლიდსის“ მესვეურებმა არჩევანი ალფრედ შრიოდერზე შეაჩერეს.
შრიოდერისა და „აიაქსის“ თანამშრომლობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ამსტერდამელებმა ზედიზედ 7 თამაში ვერ მოიგეს. თავის მხრივ არც „ლიდსია“ კარგ მდგომარეობაში. პრემიერლიგაში გუნდს 5 ნოემბრის მერე არ მოუგია. მომდევნო მატჩს მიკაელ სკუბალას შეგირდები, რომელიც გუნდს დროებით ხელმძღვანელობს, 18 თებერვალს, „ევერტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.