ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ შესანიშნავ თამაშს ესპანური გამოცემა Fichajes გამოეხმაურა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი „რეალ მადრიდის“ სამიზნედ კვლავ დაასახელა:
„ხვიჩა კვარაცხელია ბოლო თვეებში ევროპის ერთ-ერთი დიდებული აღმოჩენაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა 21 წლის ასაკში მოახერხა და „ნაპოლის“ დიდებული ლიდერი გახდა. იგი ასევე გუნდს ეხმარება სერია A-ს დაპყრობაში, რაც რამდენიმე ევროპული გრანდის დაინტერესებასაც განაპირობებს 2023 წლის ზაფხულის ტრანსფერებისთვის. ამ გუნდებში არის „რეალ მადრიდიც“, რომელიც შემტევს უკვე დიდი ხანია დეტალურად აკვირდება“
„ასეთი ინტერესის გათვალისწინებით, „რეალი“ მზად იქნება მაგიდაზე ისეთი შეთავაზება დადოს, რომ ქართველი ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქციოს. ქართველი შემტევი კარლო ანჩელოტის გუნდში კარიმ ბენზემასთვის პარტნიორობის გაწევას კარგად მოახერხებს“ - წერია გამოცემაში.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ მატჩში, „ნაპოლიმ“ „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი გოლით კვლავ გამოიჩინა. მის ანგარიშზე უკვე სერია A-ში 9 გატანილი გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.