იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ განაცხადა, რომ ორი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას „ბოლონიაში“ გადაბირება სურდა.
თუმცა, როგორც მან თქვა, მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან ქართული პასპორტის პრობლემა იყო.
„მას კარგად არ ვიცნობდით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი ამბობს, რომ მანამდეც იცნობდნენ. ორი წლის წინ მასზე პირველად ველაპარაკე ბიგონს, რომელიც „ბოლონიაში“ მუშაობდა, მაგრამ პასპორტთან დაკავშირებით პრობლემა იყო. ახლა „ნაპოლი“ ტკბება მისი თამაშით, ისევე, როგორც ოსიმენის თამაშით. ამიტომ, ამ ტრანსფერისთვის ჯუნტოლი უნდა შევაქო.
„ნაპოლის“ ვალები არ აქვს, რადგან მთელი კლუბი კარგად მუშაობდა, მაშინაც კი, როცა ყველა გუნდს პრობლემები შეექმნა. იტალიურ ფეხბურთს პრობლემები აქვს, მაგრამ დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების მაღალ ფასებს სწორად იცავს.
„ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში შეუძლია, საამისოდ ყველაფერი აქვს და ეს უკვე ნებისმიერ დონეზე აჩვენა. გარდა ამისა, სერია A-ში სანერვიულო აღარაფერი დარჩა“, თქვა ფოსკიმ.