იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლიზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გუნდი ბოლო 30 წლის ყველაზე გამორჩეული სიურპრიზია. კასანო „ნაპოლის“ „ლესტერსა“ და „კაიზერსლაუტერნზე“ წინ აყენებს, რომლებმაც მოულოდნელად ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატები მოიგეს.
„ეს არის ბოლო 30 წლის ყველაზე მაგარი სიურპრიზი, „ლესტერზე“ წინაცაა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე რთული ჩემპიონატი მოიგო და „კაიზერსლაუტერნზეც“ კი, რომელიც ჩემპიონი მაშინ გახდა, როცა ბუნდესლიგაში ახალი გადასული იყო, მაგრამ მათ საკმაოდ დაცვითი ფეხბურთი ითამაშეს და გარდა ამისა, გაუმართლათ. „ნაპოლი“ კი ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე დიდი სიურპრიზია დიდ ჩემპიონატებში. სეზონის წინ სპალეტის გუნდი ფურცელზე მეოთხე იყო, რადგან ბევრმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და ახალწვეულებზეც ბევრი კითხვა არსებობდა, ოსიმენი ტრავმიანობდა, ლობოტკა არ თამაშობდა.
სპალეტი უნიკალურად მუშაობს, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით, მისი გუნდი ევროპაში ყველაზე ლამაზი ფეხბურთს თამაშობს კარგი ფეხბურთელებით, მაგრამ არა ვარსკვლავებით, რომელთა ღირებულება სპალეტიმ თავისი მუშაობით 100 მილიონ ევრომდე გაზარდა. გარდა ამისა, „ნაპოლი“ სახელფასო ბიუჯეტით იტალიაში მხოლოდ მეექვსე გუნდია, თუმცა ლობოტკა არაზუსტ პასს მხოლოდ მე-80 წუთისთვის თუ გააკეთებს, კიმი მთვარეზე თამაშობს და ხალხს კულიბალი დაავიწყდა, რომელიც „ჩელსის“ სათადარიგო სკამზე ზის, ინსინიე კვარას წყალობით დაგვავიწყდა.
„ნაპოლი“ ჩემი აზრით არ არის ევროპის უძლიერესი გუნდი, არც საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი ჩემპიონია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ნახევარფინალში გავლენ, რთული იქნება მათი დამარცხება, თანაც რამდენიმე ფავორიტი მანამდე ერთმანეთს შეხვდება და გზას ჩამოშორდებიან“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში 21 ტურის შემდეგ 13-ქულიანი უპირატესობა აქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ფრანკფურტის „აინტრახტს“ უნდა შეხვდეს.